„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“–მესხიშვილის თეატრის გამოწვევა
ხელმოცარული, უსამსახუროდ დარჩენილი მუსიკოსების ტრაგი–კომიკური ისტორია ქუთაისის დრამატულ სცენაზე გააცოცხლეს. ბილი უაილდერის ცნობილი პიესის „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ სასცენო ვერსიის შექმნა რეჟისორ გიორგი სიხარულიძისთვის და მთლიანად დასისთვის დიდი გამოწვევა აღმიჩნდა.
რისკიანმა სპექტაკლმა სკეპტიკური დამოკიდებულება სახელწოდების გამო თავიდანვე დაიმსახურა. რას შემოგვთავაზებენ ახალს ფისოს, ჟოზეფინასა და დაფნას ქართველი პროტოტიპები? შეძლებენ თუ არა შექმნან ახალი სახასიათო სახეები, ისე რომ არ გასცდნენ პიესის მთავარ არსს?
საპირისპირო სქესის წარმომადგენელის სრულყოფილად შესრულებისთვის მხოლოდ ვიზუალური გარდასახვა და გრიმი საკმარისი არ არის. „მე გოგო ვარ!“ –ნიჭიერ მსახიობს შეუძლია განასახიეროს ქალის როლი ისე, რომ არ გამოწვიოს ირონია, ერთდროულად გააცინოს და დააფიქროს მაყურებელი. „გაქალიშვილებული“ მსახიობების პლასტიკამ, ქვედაბოლოში გამოწყობილი, ქუსლებზე შემდგარი როინიშვილის ვნებიანობამ და საკუთარი სქესის გამო გულდაწყვეტილი სვანაძის ტანგომ, მაყურებელი იმდენად მოხიბლა, რომ ქალბატონებთან ერთად ყვავილები ხუმრობით მათაც მიართვეს.
სპექტაკლს სამი ძირითადი ხაზი აქვს, ჟოზეფინასა და დაფნასთან ერთად საზოგადეობის დიდ ინტერესს კიდევ ერთი მთავარი როლი იწვევდა. როგორ შეძლებდა მერლინ მონროს გავლენის დაძლევას, განსხვავებული და დასამახსოვრებელი „ფისოს“ შექმნას მესხიშვილის მსახიობი ინგა კაკიაშვილი.
ემოციური, ცოტაც დეპრესიული, მაგრამ უკვე შემდგარი მუსიკოსის როლით ინგა კაკიაშვილმა თავის მის მიერ შექმნილ სახეებს კიდევ ერთი, განსაკუთრებული პერსონაჟი შემეტა.
ნაცნობი გმირის განსხვავებული ამპლუის შექმნის და რამდენიმეთვიან პროცესსზე „ნიუპრესს“ მესხიშვილის დრამატული თეატრის მსახიობი ინგა კაკიაშვილი ესაუბრა.
როგორც მსახიობი ამბობს, პიესის სასპექტაკლო ვერსიაზე საუბარი სამი წლის წინ დაიწყო. გიგა ჩიქოვანის ინსცენირებით შექმნილი სპექტაკლისთვის მსახიობები რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ შეარჩია.
„გიორგი სიხარულიძემ ერთ–ერთ შეხვედრაზე გააჟღერა, რომ აპირებდა გაეკეთებინა ლეგენდად ქცეული ფილმის „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ თეატრალური ვერსია. უნდა ვაღიარო, რომ ცოტა სკეპტიკურად განვეწყვე. მერლინ მონროს როლზე რომ წარმადგინა, კი ავნერვიულდი. ვუთხარი კიდეც რეჟისორს, რომ ჩემს თავს ამ როლში ვერ ვხედავდი და სხვა მსახიობის შერჩვა შევთავაზე. ბატონი გიორგის პასუხი ჩემთვის კარგი სტიმული აღმოჩნდა, მან მითხრა: „შენ ნუ გგონია, რომ მე მჭირდება მერლინ მონროს კოპირება, მე ვიცი, ამ სპექტაკლში როგორი ქალი მჭირდება და მე შენში ვხედავ ამ პოტენციალს“. მონროს გმირი ცოტა ქარაფშუტაა, ჩემი „ფისო“ კი შედარებით დეპრესიული, მაგრამ შემდგარი, ანგარიშგასაწევი ქალია. რაც შეეხება რეპეტიციას, არ მიმდინარეობდა მარტივად, ზვიდ სვანაძესაც ჰქონდა როლის დატოვების სურვილი, ამბობდა, რომ ვერ შეძლებდა და მოფიქრებისთვის დროს ითხოვდა. ჩვენ დანებების საშუალება არ მივეცით, ვიცოდით, რომ ზვიადს არ გაუჭირდებოდა ამ როლის მორგება. ნერვიულობა ახლდა პრემიერასაც. პირველ დღეს გიგა მიქაძე ცუდად გახდა. ყველას გვსდევდა ნერვიული ფონი, რადგან ეს იყო დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი არ იყო ფილმის ზუსტი ვერსია, არც გმირები იყვნენ ანალოგები. ჩემს გმირსა და ჩემს შორის კი არანაირი მსგავსება არაა“,–აღნიშნავს ინგა კაკიაშვილი.
კაკიაშვილის თქმით, როლის კარგად შესრულებისათვის მხოლოდ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების ფაქტი არ კმარა. მსახიობზე მის მიერ შესრულებული როლები საუბრობენ.
„ზოგი თავისი სტატუსის დამტკიცებას მხოლოდ იმით ცდილობს, რომ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ როგორც მსახიობი, შესრულებული როლებით ვერ დაიკვეხნის. მე ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტი დავამთავრე და ლეგენდადქცეული პიროვნებების მასტერკლასი გავიარე. არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს დიდი და პატარა როლები არ არსებობს. დიახაც, რომ არსებობს. მე სხვა როლებთან ერთად გიორგი სიხარულიძის მიერ დადგმულ სამ სპექტაკლში მაქვს მთავარი როლი შესრულებული. სპექტაკლში „გუშინდელნი“ –ფაციასა და „დარისპანის გასაჭირში“ ნატალიას როლები შევასრულე. თუმცა ვთვლი, რომ აქამდე ყველა როლი მაინც ჩემი ფიზიონომიიდან გამომდინარეობდა. მსურს ძალები სხვა სტილშიც მოვსინჯო და მაყურებლის წინაშე განსხვავებული როლით წარვსდგე“, აცხადებს მსახიობი.
სპექტაკლში სამი ძირითადი ნაცნობი ხაზის გარდა, არაერთი სახასიათო და დასამახსოვრებელი როლია: უზგუდი, ბიზდოგი და ლამაზი სიუ, მაფიოზები და ორკესტრის სხვა წევრები. სპექტაკლში თეატრის თითქმის ყველა თაობის მსახიობი იყო დაკავებული.
თითოეული სცენა, მსახიობების ბუნებრიობა, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, დაუვიწყარ, ფეირვერკულ სანახაობას ქმნიან, რომელთა გამო მაყურებელს მოწყენის შესაძლებლობა არ ეძლევა. სპექტაკლის ქორეგრაფიაზე მოცეკვავე გიორგი ბარბაქაძემ იზრუნა, ხოლო მუსიკალური ნომრების ცოცხად შესრულებაში მსახიობებს ნატო ჩაკვეტაძე დაეხმარა.
მესხიშვილის თეატრის დასი წარმატებული სპექტაკლით ჯერ გორელი, შემდეგ კი თბილისელი მაყურებლის წინაშე წარსდგება, ამავდროულად საუბარი გაცილებით შორეულ გასტროლებზეც მიმდინარეობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი