„ჯინი" - პრემიერა მესხიშვილის თეატრის სცენაზე
ქუთაისის მესხიშვილის თეატრი პრემიერისათვის ემზადება. რეჟისორმა კოტე აბაშიძემ დონალდ ლი კობურნის პიესის “ვთამაშობთ ჯინს“ მიხედვით ორმოქმედებიანი ფსიქოდრამა დადგა. პოპულარული პიესა აბაშიძემ საკუთარ პრიზმაში გაატარა და სპექტაკლს „ჯინი“ უწოდა. მასში მხოლოდ ორი მსახიობი ევა ხუტუნაშვილი და გივი ჩუგუაშვილი თამაშობს.
„როდესაც საქმე დიდ არტისტებთან გაქვს, იქ მასალაც შესაბამისი უნდა იყოს",- ამბობს რეჟისორი, -„დრამატურგიული მასალა განსაზღვრავს მნიშვნელოვანწილად წარმატებას. ეს არის ძალიან ცნობილი და წარმატებული პიესა მთელ მსოფლიოში, დიდი არტისტების სათამაშო პიესა“,-აცხადებს კოტა აბაშიძე.
ფსიქოდრამა, რომელშიც მსახიობებს ერთი წუთით მოდუნების საშუალება არ ეძლევათ, ორი საათის განმავლობაში გრძელდება. გივი ჩუგუაშვილის თქმით, ურთულესი სპექტაკლია, სადაც მას და მის პარტნიორს „ბეწვის ხიდზე" უწევთ გავლა.
მისი თქმით, მისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ სპექტაკლით მარჯანიშვილის და მესხიშვილის თეატრები კიდევ უფრო მეგობრდებიან: „ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან მარჯანიშვილმა თეატრი აქ, ქუთაისში შექმნა, შემდეგ გადავიდა თბილისში“, - იხსენებს მარჯანიშვილელი მსახიობი მისი თეატრის „ქუთაისურ ფესვებს“.
ევა ხუტუნაშვილის თქმით, მათი პერსონაჟები ცხოვრებისაგან გარიყული ადამიანები არიან, რომლებმაც მარტოსულობაში ერთმანეთი იპოვეს, თუმცა ეს ურთიერთობა ვერ შეინარჩუნეს. „ალბათ, ადამიანები მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს“,- აღნიშნავს მსახიობი.
„ჯინი არის კრებითი სიმბოლო, ფაქტორი, რომელიც ორი ადამიანის ურთიერთობას უშლის ხელს,“- აცხადებს რეჟისორი.
სპექტაკლის პერსონაჟები ერთმანეთს მოხუცთა თავშესაფარში ხვდებიან. თუ რატომ ვერ შეძლეს მათ ერთმანეთის შენარჩუნება, ამას მაყურებელი 27 ოქტომბერს, მესხიშვილის თეატრში იხილავს.
სპექტაკლი ადამიანურ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობებში დაშვებულ შეცდომებზეა, რაც შემდეგ შესაბამის შედეგებს იწვევს.
ავტორი: ირინა მაკარიძე