იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ქუთაისში წარადგინა
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ერთწლიანი მუშაობის ანგარიში თბილისის შემდეგ, ქუთაისშიც წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
რატი ბრეგაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარდა.
„იუსტიციის სამინისტროს განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციიდან ერთი წლის თავზე არაერთი დაპირებაა შესრულებული: დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“. საქართველოს 6 დიდ ქალაქში პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა „PROBBOX“ განთავსდა. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა ამოქმედდა.საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მიწების აზომვა და რეგისტრაცია მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება –5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. მშენებლობები კიდევ 6 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. დამატებით ერთი იუსტიციის სახლი თბილისში, ჰუალინგში ამოქმედდება. ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა.
ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“ დაფუძნდა და გამოიცა. იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“). თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
ადმინისტრაციულ ერთეულებში – საგურამოში, გამარჯვებაში, მარტყოფში, შუახევში, ადიგენში, ასპინძაში, კაჭრეთში, ქედაში, ხობში, ზესტაფონში, სიღნაღსა და ამბროლაურში სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა. სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ.
მნიშვნელოვანი რეფორმებია პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში –პატიმართა დასაქმების პროგრამები გაძლიერდა. პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება გრძელდება. მოედნები რემონტდება. რეგულარული წვრთნები მიმდინარეობს. პრობაციის ბიუროების სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში გახსნა. ქუთაისში რეფერირების ცენტრი გაიხსნა. მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისათვის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
ანგარიშის პრეზენტაციას მინისტრის მოადგილეები, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სსიპ-ების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი