კახა ჩხეტიანი ბრუნდება? - "ტორპედოს "მწვრთნელს ოპოზიციურ პარტიაში ყოფნა არ აპატიეს
კახა ჩხეტიანი, შესაძლოა, "ტორპედოში" დაბრუნდეს. ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არაა, თუმცა გუშინდელ მატჩზე ჩხეტიანის ყოფნამ საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა.
როგორც "ნიუპრესისთვის" ხდება ცნობილი, კლუბსა და ჩხეტიანს შორის გარკვეული მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. თუ მხარეები შეთანხმდებიან, ჩხეტიანი მთავარ მწვრთნელად დაბრუნდება.
მოლაპარაკებებსა და ჩხეტიანის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ კლუბის ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ სიახლის შემთხვევაში ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
სოციალურ ქსელში კი "ტორპედოს" გულშემატკივრები უკვე ზეიმობენ და კახა ჩხეტიანს კლუბში დაბრუნებას ულოცავენ.
კახა ჩხეტიანი "ტორპედოდან" რამდენიმე თვის წინ წავიდა. მაშინ მიზეზად მისი ოპოზიციურ პარტიაში ყოფნა სახელდებოდა. როგორც გულშემატკივრები აცხადებდნენ, ჩხეტიანს გიორგი გახარიას პარტიის საარჩევნო სიაში ყოფნა არ აპატიეს და გუნდიდან გაუშვეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი