კახა კუჭავა- ჩვენი მომავალი თაობა გაერთიანებულ საქართველოში იცხოვრებს
13 წლის წინ დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია.- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ოკუპანტია და მისი აგრესია აუცილებლად დასრულდება.
"რთული სანახავია, როდესაც მოვდივართ სასაფლაოზე და ჩვენი გმირების ოჯახებს ვხედავთ, მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და რთულია გაიზიარო როგორც თვითონ იზიარებენ ამ წუხილს. თუმცა ფაქტი ერთია - ეს ადამიანები არიან გმირები და სამუდამოდ დატოვეს სახელი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ოკუპაცია არის დროებითი, ამას ყველა ხვდება და მას მალე დავასრულებთ.
შევთანხმდეთ ერთ რამეზე, 7 აგვისტო, 8 აგვისტო, ომი გაცილებით ადრე დაიწყო და ეს დაიწყო რუსეთმა. კარგად მახსოვს 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ ყოველ წელს ხდებოდა 8 აგვისტოს ამის აღნიშვნა, მათ შორის ჩვენი ოპონენტების მხრიდან და გასაკვირია რატომ საუბრობენ 6-ზე ან 7-ზე ან ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამას. 8 აგვისტო არის დღე, როდესაც მივდივართ და პატივს მივაგებთ გმირებს. ომი დაიწყო ადრე, ეს დაიწყო რუსეთმა. რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის აგრესია აუცილებლად დასრულდება ძალიან მალე და ამას ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ეს რეალობაა, რომლის წინაშეც ვართ და ჩვენი მომავალი თაობა გაერთიანებულ საქართველოში იცხოვრებს" , - განაცხადა კუჭავამ.
კახა კუჭავამ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა კეთდება ომში დაღუპული ჯარისკაცების ახლობლების დასახმარებლად:
„შესაბამისი სამინისტრო და არა მხოლოდ სამინისტრო, მთელი მთავრობა ზრუნავს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ამ ოჯახებს. არაერთი პროგრამა მოგვისმენია. რა თქმა უნდა, არ ჩამოვთვლი, ეს არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიტრაბახოთ. ყველა მოწადინებული უნდა ვიყოთ, რომ მეტი გავაკეთოთ ამ ოჯახებისთვის. ბევრი პროგრამაა და ნამდვილად არ ხდება და არც მოხდება არავის დავიწყება“, - განაცხადა კუჭავამ.
ავტორი: ნიუპრესი