კახეთში ატმის სეზონი დაიწყო
კახეთში ატმის სეზონი დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ გურჯაანის მუნიციციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელ-შემნახველი საწარმო დაათვალიერეს და ატმის მიღების პროცესს გაეცნენ. შპს ,,ქართული ხილის კომპანიამ“ ატმის მიღება 2 დღეა რაც დაიწყო და პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. საწარმოს ერთ საათში 1500 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხება შეუძლია. კომპანია სამაცივრე მეურნეობასაც ფლობს, სადაც 400 000 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის დასაწყობებაა შესაძლებელი. შპს ,,ქართული ხილის კომპანიას“ შესყიდული პროდუქცია ექსპორტზე გააქვს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, წელს, გასული წლის მსგავსად, ექსპორტიორებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტს უკავშირდება.
,,კახეთში ატმის მოსავლის აღება დაიწყო. სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები მზად არიან მოსავლის მისაღებად, შესაბამისად ვფიქრობთ, ფერმერებს ამ კუთხით შეფერხება არ ექნებათ“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
შპს. ,,ქართული ხილის კომპანიის“ გაყიდვების მენეჯერის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქართულ ატამზე მოთხოვნა უკრაინიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და რუსეთიდანაა. კომპანია მზად არის ჩაიბაროს ნებისმიერი სახეობის ხარისხიანი ხილი და მოახდინოს მისი ექსპორტზე გატანა.
სოფელ ჩულმაყში მდებარე ხილის გადამამუშავებელ-შემნახველ საწარმო შპს ,,ქართული ხილის კომპანია“ 2013 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. განხორციელებული ინვესტიცია 1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 600 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში მუდმივად 7, ხოლო სეზონურად 22 ადგილობრივია დასაქმებული.
საწარმოში ატმის მიღების პროცესს, მინისტრთან ერთად კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(R)
ავტორი: ნიუპრესი