|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემეირ-მინისტრმა და შს მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები - კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პრემეირ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები, - აცხადებს  "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის:, რომელიც მედიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს. 

კოალიცია სამძიმარს უცხადებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, ტვ პირველს და ჟურნალისტებს.

ორგანიზაცის განცხადებით, მაღალია ალბათობა, რომ ტვ პირველის ოპერატორი 5 ივლისს სასტიკი ცემის დროს მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

"2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა.

"ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

გავრცელებული კადრებიდან ცხადად ირკვევა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ჟურნალისტების დასაცავად და მთლიანობაში, სახელმწიფოს მიერ წესრიგის დამყარებისთვის განხორციელებული ქმედებები იყო ფორმალური, რის გამოც 10-მდე მედიასაშუალების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მმართველი პარტიის წარმომადგენელების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეუთავსებელი იყო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. 5 ივლისის მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, რომ ხელისუფლებამ არ დაიცვა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გამოხატვის თავისუფლება.

5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეული ფაქტისთვის სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენება". -აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
ლიბერალური აკადემია თბილისი
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
სატელევიზიო ქსელი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - AB
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი OSGF

ავტორი: ნიუპრესი