"კოვიდ-19-ის ახალი შტამი მარტივად ვრცელდება, მაგრამ მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს" -გამყრელიძე
დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი კოვიდ-19-ის ახალი შტამი მართალია, მარტივად ვრცელდება, თუმცა მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაციები.
„რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაციები, ამიტომ ეს შტამი ახალი არ არის. ბრიტანეთში სექტემბერშიც დაფიქსირდა, უბრალოდ, ახლა მეტი დაკვირვების ქვეშაა. დაკვირვების საფუძველზე ნახეს, რომ უფრო მარტივად ვრცელდება. თუმცა არ ახასიათებს, რომ უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, კლინიკური გამოვლინება დაახლოებით იმავეა, ან კიდევ უფრო მსუბუქი. ასეთია ბრიტანელების და სხვა მეცნიერების პირველადი მონაცემები. შტამებზე დაკვირვება სულ მიმდინარეობს", - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ არ ითვლება, რომ ის უფრო მომაკვდინებელია.
ავტორი: ნიუპრესი