|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლაშა გვენეტაძისათვის პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

ქუთაისის საკრებულოს წევრის ლაშა გვენეტაძისათვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის ლაშა გვენეტაძის ადვოკატის ირაკლი გვენეტაძის განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ლაშა და შოთა გვენეტაძისა და მათი მეგობრის შიო ჯანელიძისათვის  ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითვალისწინებს, სააპელაციო სასამართლოში დადგენილ ვადებში გაასაჩივრებს.

 დეპუტატის ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის შუამდგომლობა და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას დაეყრდნო, რომელიც არის მრავალჯერ ნასამართლები პირი წვრილმან ქურდობისა და სხვა დანაშაულში. მისი თქმით, აღნიშნული პირი 15 წლის ასაკიდან 7-ჯერ არის ნასამართლები, მათ შორის სამჯერ სასაფლაოს ძარცვისათვის.

ადვოკატის თქმით, საქმეში სხვა მოწმე არ არის. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც   საქმეში დევს,  წერია, რომ დაზარალებულს აქვს მსუბუქი ხასიათის, სიცოცხლისათვის არასაფრთხის შემცველი სისხლნაჟღენთები.

როგორც ირკვევა, ძმებმა მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე 1990 წელს დაბადებული პირი 5 იანვარს  ცემეს.  შემთხვევა  ნიკეას 22 ნომერში მოხდა. 

გამოძიება სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტითაა აღძრული, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

დეპუტატისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა გააპროტესტა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე