დავით დვალი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საკრებულოს თავმჯდომარე ეხმიანება. დავით დვალის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატის ლაშა გვენეტაძისა და მისი ძმის პატიმრობაში დატოვება არასწორი გადაწყვეტილება იყო.
„მოსამართლე ნუთუ მართლა კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით?! შეგნებულად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საჯაროდ არ გამომიხატავს პოზიცია, რომ აღნიშნული არ გამხდარიყო ვინმესთვის საფუძველი, მისაღებ გადაწყვეტილებაზე წნეხში დავედანაშაულებინეთ. სასამართლო სისტემაში საკმაო ხანი ვიმუშავე იმისთვის, რომ მქონდეს პროფესიული ალღო და გამოცდილება და ვიტყვი გულწრფელად, რომ პროკურატურის პოზიციაზე მეტად სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამაკვირვა“, - აცხადებს დავით დვალი.
მისი თქმით, პროკურატურა არის ბრალდების მხარე, მას როგორც მხარეს, ყოველთვის აქვს ტენდენცია საქმე დამძიმებისკენ წაიყვანოს. მაგრამ სასამართლო, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური არბიტრი, ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე.
„მართლა საინტერესოა, მოსამართლის ლოგიკით რა ისეთი მტკიცებულება შეეძლოთ გაენადგურებინათ საქმეზე შოთა და ლაშა გვენეტაძეებს, რომელიც ძიებამ ერთი თვის მანძილზე ვერ მოიპოვა და ამით ხელი შეეშალათ გამოძიებისათვის, ან სად დაინახა სასამართლომ იმის რისკი, რომ ისინი შეიძლება მიმალულიყვნენ, მაშინ როდესაც თითქმის ნახევარი საქართველო დოკუმენტალურ თავდებში დავუდექით, რომ ისინი არ ეცდებოდნენ არიდებოდნენ მართლმსაჯულებას, თუ ექნებოდათ არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება. მოსამართლე ნუთუ მართლა კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით?!“, - აცხადებს დავით დვალი.
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ბრალი ცემის ფაქტზე ქონდა წაყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა გვენეტაძემ მისმა ძმამ და მათმა მეგობარმა მოქალაქე მამის საფლავის გაძარცვის გამო ცემეს. სასამართლომ დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტითაა აღძრული, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. პირს წარდგენილი ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში 10- დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი