|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა მოხდა

ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა მოხდა. ლაბორატორიის კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

გამოძიება  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.

ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ იმ დოზით და პერიოდულობით, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიების ინტერესებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა