„m²“ ქუთაისში საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობას იწყებს [R]
„მ² უძრავი ქონება“ ქუთაისში ახალ სასტუმროს „რამადა“ აშენებს. დღეს ქუთასში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
კომპანიის წამრომადგენლების ინფორმაციით, მ² აპირებს სასტუმროების უმსხვილეს კომპანია „Wyndham Hotel Group“-თან გააფორმოს ფრანშიზული ხელშეკრულება აღნიშნული სასტუმროს „რამადა ქუთაისის“ ბრენდით ოპერირებაზე.
„რამადა“ უმსხვილესი საერთაშორისო ოპერატორის „Wyndham Hotel Group-ის ბრენდია, რომელიც, სასტუმროთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქსელია. მასში 21 ბრენდია გაერთიანებული და 80 ქვეყანაში 9100 სასტუმროს მოიცავს.
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილ სასტუმროში განთასებული იქნება 125 ნომერი განსაკუთრებული ინტერიერით და ხედებით. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ მისი ოპერირებისთვის 250 - მდე ადგილობრივი დასაქმდება.
პროექტის მასშტაბებსა და მნიშვნელობაზე მ²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ ისაუბრა.
„ძალიან სასიხარულო დღე არის ქუთაისში, ქალაქში, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. ქუთაისი, მისი უნიკალური ღირსშესანიშნაობებით მიმზიდველია უცხოელი, თუ ადგილობრივი ტურისტებისთვის. ქალაქს აქვს უდიდესი პოტენციალი, კიდევ უფრო განვითარდეს ამ მიმართულებით. „მ²“-მა დღეს წარმოადგინა სასტუმროს პროექტი. ქუთაისის ცენტრში აშენდება ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას. ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება, არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხითაც. ვთვლით, რომ ასეთი მასშტაბის ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია, ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. პროექტის კონცეფციის გაცნობა მ²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია“- განაცხადა ირაკლი ბურდილაძე, მ²-ის გენერალურმა დირექტორმა.
მისი თქმით, შეთანხმების თანახმად, შენობაში, 400 კვ. მეტრ ფართობი გარემონტებული და აღჭურვილი გადაეცემა მწერალთა კავშირს. ასევე შენარჩუნდება ეზოში არსებული მწვანე ნარგავები.
პროექტის მშენებლობა 2020 წლის მე-4 კვარტალში დასრულდება.
პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ გარდა ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს აშენებისა, პროექტში გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის ისტორიული დატვირთვა, ფუნქციონალური ნაწილი და არქიტექტურული თავსებადობა ქალაქთან.
პრეზენტაციას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ესწრებოდნენ. მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება და თვითმმართველობა ხელს შეუწყობს პროექტის ავტორებს სწრაფად და ხარისხიანად განახორციელონ მშენებლობა.
ავტორი: ნიუპრესი