„გააგრძელე საქართველოს ისტორია“- პროექტის მეორე სეზონის პრეზენტაცია ქუთაისში [VIDEO]
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მხატვრული და დოკუმენტური სტუდიების შემოქმედებითმა ჯგუფმა დამსწრე საზოგადოებას „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ პროექტის მეორე სეზონის პრეზენტაცია წარუდგინა.
ფილმში ქუთაისელი მსახიობები, თენგიზ ჯავახაძე, დავით როინიშვილი, გიორგი შალამბერიძე, კახაბერ გოგოლაშვილი და დავით ყვავაძე მონაწილეობდნენ.
რეჟისორისა და სცენარისტის გურამ ქართველიშვილის განცხადებით, ქუთაისელი მსახიობები მის ფილმში წინა ხაზზე არიან. მისივე თქმით, სამომავლოდ მესხიშვილის თეატრის მსახიობების აქტიურად დასაქმებას გეგმავს.
"ვფიქრობ, რომ სამომავლოდ უფრო აქტიურად დავასაქმო ქუთაისელი მსახიობები, მათ წინა ხაზი უჭირავთ, ამ ქალაქში გამოუყენებელი ნიჭი გვაქვს და ეს რესურსი არ უნდა დავკარგოთ",-განაცხადა გურამ ქართველიშვილმა.
ფილმის პრეზენტაცია მესხიშვილის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა. შეკრებილმა საზოგადოებამ ფილმი დადებითად შეაფასა. რეჟისორის განცხადებით, პრეზენტაციამ გემოვნებიან ქალაქში წარმატებით ჩაიარა.
"წარმატებით ჩაიარა ქუთაისში ფილმის პრეზენტაციამ. ეს იყო მესამე ფილმის ჩვენება და მოხარული ვარ, რომ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. სამომავლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფიქრობს გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია, ამისათვის კი მაყურებლის მხარდაჭერა გვჭირდება",-განაცხადა გურამ ქართველიშვილმა.
"გააგრძელე საქართველოს ისტორია",-ფილმის პრეზენტაციის შემდეგ მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებელის მხატვრული ფილმების სტუდიის პროექტის ფილმები „დღეები და ღამეები“ „კადეტი“ აჩვენეს, რომელიც აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით ალექსანდრე ჯანდიერმა გადაიღო.
"ძალიან მომეწონა ორივე ფილმი, ახლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ძალიან მიხარია, რომ მსგავსი შინაარსის ფილმებს იღებენ და მადლობას ვუხდი ამისთვის პროექტისა და იდეის ავტორებს",-განაცხადა მადლენა ცხვედიანმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების გაერთიანება აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი პროექტების წარდგენას.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი