|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მანდარინის ფესვების საიდუმლო

    "ნიუპრესი" აგრძელებს ენგურს მიღმა დარჩენილი ქართველების ისტორიების გაცნობას, ამჯერად გაგაცნობთ  ერთ-ერთ  ქალბატონს, რომელმაც სხვების მსგავსად, ომის საშინელება საკუთარ თავზე იწვნია. ნაზი შამათავას ისტორია გულგრილს არავის დატოვებს.

   „ახლაც ყურებში ჩამესმის ის ჯოჯოხეთური ხმა, რომელმაც  1992 წელს აგვისტოში წამოგვყარა ფეხზე. თავზარდამცემი გუგუნი ბოლომდე გამყვება და ამ ხმით ვიცნობ სიკვდილის მეორედ მოსვლას. ეს ხმა ჰგავდა ბავშვების წივილსაც, ქალების კივილს და კაცების ხრიალს. თვალებს რომ დავხუჭავ, ყურებში ახლაც მიწივის მეგრელი ქალების ზარი, მიცვალებულთა გროვაში საკუთარი  შვილების ცხედრებზე რომ მოსთქვამდნენ მეგრულად.

 კარგად მახსოვს ის დღე, გაგრა რომ დაეცა. მას სოხუმიც მიჰყვა. გრძელდებოდა რბევა, ნგრევა, უამრავი მსხვერპლი და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა, მამაკაცებმა თავიანთი  ოჯახები გადაიყვანეს ენგურს იქით, სამეგრელოში, თვითონ კი დაბრუნდნენ სოფლებში და დაიწყეს პარტიზანული ჯგუფების შექმნა. ისინი დარაჯობდნენ სოფლებსა და სახლებს, რომლებშიც სიჩუმეს და სიბნელეს დაესადგურებინა. ცხოვრობდნენ იმედით, რომ აქ ისევ დაბრუნდებოდნენ  ქალები და ბავშვები.  ჩემი ძმაც, ოთარი, ერთ-ერთ ამ პარტიზანულ ჯგუფში იყო. კარგი მებრძოლს, მეომარი სული ჰქონდა, ერთგული იყო თავისი ხალხის და სამშობლოსი. მისი დაჭერა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ როცა მეგობარი, შენთვის ახლობელი ადამიანი, გიღალატებს...

   ის ღალატის მსხვერპლი გახდა. არ მინდა დავასახელო იმ ადამიანის  სახელი,  ვფიქრობ, არაა საჭირო. მოკლედ, გასცეს ჩემი ძმის და მისი პარტიზანი მეგობრების ადგილსამყოფელი. ზოგმა გაქცევა მოასწრო, ზოგიც მოკლეს. ჩემი ძმა კი თავის ეზოში დაიჭირეს და ტყვედ აიყვანეს. რაც ეს გავიგე, იმის მერე, მე და ჩემი მეუღლე დავდიოდით სოფელ-სოფელ და ვეძებდით. დავდიოდით ტყე-ტყე, ტალახში, წვიმასა და სიცივეში, თან გვეშინოდა, აფხაზებს არ დავენახეთ. ერთი წლის განმავლობაში, მგონი, სოფელი არ დაგვიტოვებია, რომ  არ ვყოფილვიყავით  და არ გვეძებნა ჩემი ძმა.  უამრავი მიცვალებული ვნახე. რომ დავხედავდი მათ ტანჯულ სახეებს და ჩემი ძმა არ აღმოჩნდებოდა, ვაღიარებ, მიხაროდა. მქონდა იმედი, რომ  ის ისევ ცოცხალი იყო და ვიპოვიდი, ამიტომ განვაგრძობდი ძებნას, თუმცა უშედეგოდ, მასზე ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვპოულობდი. ცოცხალი იყო თუ მკვდარი, თითქოსდა არც არსებობდა, მიწამ ჩაყლაპაო. იმედი დავკარგე და შევწყვიტე ძებნა.

ერთ დღეს ავტობუსში ვიჯექი, გალში მივდიოდი, ჩემთან მოვიდა უცხო კაცი და მკითხა: - ,,თქვენ ოთარის და ბრძანდებით?“  მოულოდნელობისაგან დავიბენი, მეგონა ჩემი ძმის სახელი მომესმა, მერე ავყევი ემოციებს და უამრავი კითხვა დავუსვი: ,,დიახ, მე ვარ ოთარის და, თქვენ იცნობთ ოთარს? იცით ახლა ის სად არის? ცოცხალია თუ მკვდარი".

  ,,თქვენ ერთმანეთს ძალიან ჰგავხართ, მე მას არ ვიცნობდი პირადად. ის აფხაზებს ჰყავდათ ტყვედ, დაბმული, ძაღლივით ცემდნენ, აშიმშილებდნენ, წყალსაც არ ასმევდნენ. ერთი აფხაზი მოკვდა  და საფლავი ოთარს გაათხრევინეს. შემდეგ კამათი მოუვიდათ და ეს ყველაზე კარგი დრო იყო გასაქცევად და შანსი არ გაუშვა. გაიქცა, მაგრამ ღობეზე გადახტომისას ესროლეს და მკვდარი მიაგდეს. არ დამარხეს და არც სხვას აძლევდნენ მისი დამარხვის საშუალებას. მთელი სამი დღე, სანამ არ წავიდნენ აფხაზები,  ვდარაჯობდი ცხედარს, რომ ღორს ან რაიმე ცხოველს არ დაეგლიჯა, შემდეგ კი პარკში გავახვიე და მანდარინის ხის ქვეშ დავასაფლავე.

მითითებულ ადგილას, სოფელ მზიურში, მე და ჩემი მეუღლე მივედით და დავიწყეთ მიწის თხრა. ცხედრის ამოთხრის შემდეგ ვიცანი ჩემი ძმა. ცხედარი გახრწნილი იყო, მხოლოდ ფეხი იყო დარჩენილი, არ ვიცი, როგორ, მაგრამ შეიძლება ,,რეზინის  ჩექმამ" შეინახა. ფეხზე ეწერა სახელი. ომის დროს  ჯარისკაცებს ვინაობასა და დაბადების წელს ფეხზე აწერდნენ. ჩვენ გადმოვასვენეთ ის, ჩემი უმცროსი ძმა, რომელიც შვილივით გავზარდე. ვერ ვპოულობდი ძმას, გულისიღრმეში იმედი არასდროს დამიკარგავს, რომ ის ისევ ცოცხალი იყო, მაგრამ იმედიც გაქრა და ჩემი ძმაც".

 

ავტორი: ელიტა ჯინჯოლია