მაღალმთიან დასახლებებში 10 მილიონი ლარით სხვადასხვა პროექტები დაფინანსდება
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 3 მილიონი ლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“ - მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის გამოიყოფა; 7 მილიონი ლარი კი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების პროგრამისათვის.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მაღალმთიან რეგიონებს ასევე მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები გადაეცემათ.
ავტორი: ნიუპრესი