მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ტაძრებში ბზის გაყიდვა აკრძალულია, ხოლო მრევლს ტაძრებში დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ. ამასთან, ეკლესიები აღჭურვილია ხმის გამაძლიერებლებით, რომ მრევლმა წირვა-ლოცვის მოსმენა ტაძრის ეზოებში შეძლოს.
დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!"
საქართველოში პალმის რტოები ადგილობრივი ენდემური მარადმწვანე მცენარით შეიცვალა. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა.
ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.
დიდმარხვა 19 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
ავტორი: ნიუპრესი