მართული პროტესტი თუ ხელფასების გაზრდის რეალური მოთხოვნა?
11 დეკემბერს ქუთაისში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომლების პროტესტს სხვადასხვაგარი შეფასება მოჰყვა. ნაწილმა თანამშრომლების მოთხოვნები სამართლიანად მიიჩნია, ნაწილმა კი მას პოლიტიკური შეფასება მისცა. როგორც ისინი აცხადებდნენ, ბაღების თანამშრომლები ქუჩაში "ნაციონალური მოძრაობის" მითითებითა და ორგანიზებით გამოვიდნენ, რის არგუმენტადაც აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ყოფნა დაასახელეს.
გაფიცული თანამშრომლები მერიამ დაამშვიდა. მათ დაპირდნენ, რომ ხელფასების ეტაპობრივი ზრდა მოხდება, რასაც წინ გაფიცულ ბაღებში გაერთიანების მონიტორინგის ჯგუფების მისვლა და თანამშრომლეთა დაშინება უძღოდა. როგორც ვიცე–მერმა ნოდარ მიქიაშვილმა განაცხადა, დაშინება არ მომხდარა, თუმცა სარეზერვო ჯგუფები ბაღებში იმ მიზეზით მივიდნენ, რომ სასწავლო პროცესი არ ჩაშლილიყო.
რა გახდა რეალურად საბავშვო ბაღების პერსონალის ქუჩაში გამოსვლის მიზეზი და იმართებოდნენ, თუ არა ისინი რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ, ამის შესახებ # 13 ბაღის თანამშრომლებს გავესაუბრეთ. აღნიშნული ბაღი ერთ-ერთია, სადაც 11 დეკემბერს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. როგორც გაფიცული თანამშრომლები ამბობებ, მათთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა "პოლიტიკურად მართულის" სტატუსის მიკერება გახდა.
"პარასკევს რომ მოვედი, თანამშრომლებმა განმიცხადეს, რომ აპირებდნენ პროტესტის გაგრძელებას, რადგან მერიამ ისინი 2016 წლის ბიუჯეტში არ გაითვალისწინა. ადამიანს, რომელსაც 180 ლარიანი ხელფასისთვის მთელი დღე ცივ წყალში აქვს ხელები, ვერ მოვთხოვდი, რომ თავისი უფლებები არ დაეცვა. აქ მყავს თანამშრომლები, რომელთა შვილებსაც პრობლემები აქვთ და ეს თანხა წამლისთვის არ ჰყოფნით. არიან დედები, რომლებიც ობოლ შვილებს ზრდიან. როგორ შეიძლება მათ ვუთხრა, რომ არ აქვთ უფლება ხელფასის გაზრდა მოითხოვონ. ამის გამო კი ჩვენ, ბაღების გამგეებს გვადანაშაულებენ, რომ ვერ შევძელით თანამშრომლების მართვა და იმის დემონსტრირება, რომ ბაღებში ყველაფერი კარგად არის.
ჩემი ბაღი პროფკავშირების ხელმომწერია. რა გამოდის, ადამიანის უფლებებს ვიცავთ და ამავდროულად, ჩვენს თანამშრომლებს არ აქვთ ადამიანური პირობების მოთხოვნის უფლება?!. მონიტორინგის ჯგუფი რომ მოდის და ყველა პირობის სათანადო შესრულებას ითხოვს, რატომ არ ინტერესდება რის სანაცვლოდ უწევთ ამ ადამიანებს ამის შესრულება?. გვითხრეს, თუ ჩვენ ამ ხელფასზე არ ვიმუშავებთ, მათ ჰყავთ ადამიანები, რომლებიც 100 ლარზეც კი თანახმა არიან. ყველაზე დამამცირებელი კი ის იყო, რომ თანამშრომლები პოლიტიკურად მართულებად გამოაცხადეს. თურმე, მათ ხელფასის გაზრდა კი არ აწუხებდათ, არამედ რომელიღაც პოლიტიკური პარტიის დაკვეთით გამოვიდნენ ქუჩაში", –განაცხადა ბაღის გამგემ მაკა აბულაძემ.
თუ პროტესტის ორგანიზება არ მოხდა, მაშინ რატომ გამოვიდა ყველა ბაღის თანამშრომელი ერთობლივად აქციაზე და როგორ მოხდა აქციის დაგეგმვა?- ამ საკითხზე ბაღის აღმზრდელი საუბრობს. მის განცხადებით, ისინი მერიისგან იღებდნენ დაპირებას, რომ ხელფასების გაზრდა მოხდებოდა, თუმცა ხუთშაბათს შეიტყვეს, რომ 2016 წლის ბიუჯეტში მერიამ ბაღის თანამშრომლების ხელფასების მატება არ გაითვალისწინა.
"გვეკითხებიან, თუ სხვების ორგანიზებით არ ხდებოდა პროტესტის მოწყობა, როგორც შევიკრიბეთ ყველა ერთად. ეს ისევ დაისევ მერიის გამო მოხდა. გვპირდებოდნენ, რომ ხელფასების გაზრდა იგეგმებოდა, მაგრამ ერთ დღესაც გავიგეთ, რომ მერიამ ბიუჯეტში ეს საკითხი საერთოდაც არ გაითვალისწინა, რასაც მოჰყვა ჩვენი უკმაყოფილება. ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო აქციაზე და ვინ ცდილობდა ამით ქულების დაწერას, ჩვენ ვიცით, რომ ვითხოვთ ხელფასების გაზრდას. ჯგუფში 50 ბავშვი მყავს, წარმოიდგინეთ, რა შრომა გვიწევს აღმზრდელს და თანაშემწეს, რომელიც მე ვერ მეხმარება, რადაგან მთელი დღე სამზარეულოშია, რომ ბავშვებისთვის საკვები მოამზადოს.
გვეუბნებიან, რომ შრომის შესამსუბუქებლად მეორე ცვლა დამატეს, კი ბატონო, კარგია ეს, მაგრამ ის შრომა, რასაც ჩვენ აქ ვდებთ, 280 ლარი ნამდვილად არ ღირს. რომ არა ამ საქმის სიყვარული, 300 ლარიანი სამუშაოს პოვნა არ გამიჭირდება, მაგრამ მე მინდა, სადაც ვარ, იქ ვიყო და ჩვენი მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული",–განაცხადა #13 ბაღის აღმზრდელმა ინგა ადანაიამ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ბაღებიის გაერთიანებისათვის 300 000 ლარი ჩაიდო დამატებით. ვიცე–მერის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, აღნიშნული თანხა ხელფასებზე გადანაწილდება, თუმცა რომელ თვეში მოხდება მატება, ჯერჯერობით უცნობია.
ბაღებში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ უბნების მაჟორიტარი დეპუტატები.
საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე და ძელქვიანის მაჟორიტარი საკუთარ „საკურატორო ზონაში“ არსებულ მდგომარეობას გაეცნო და „სრულიად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაზე“ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „დღეს დილიდანვე ვიყავი გასული ჩემს სამუნიციპალიტეტო ბაღებში, მინდა ავღნიშნო, რომ 25-ე და მე-4 ბაგა-ბაღებში, სასწავლო პროცესი სრულყოფილად მიმდინარეობდა. რაც შეეხება ბაღის პრობლემებს, ამ ბაღებში პრობლემები არ დაფიქსირებულა, ბაღებში არსებული მდგომარეობა არის სრულიად დამაკმაყოფილებელი. თანამშრომლები არ მონაწილეობდნენ გუშინდელ აქციაში. რაც შეეხება 23-ე ბაღს, აქ დაფიქსირდა პრობლემები, რომლის მოგვარება მინდინარეობს",–დვალიშვილმა აქციის ორგანიზატორებსაც მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ ბიუჯეტის განხილვა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მოვლენებს ნუ გაასწრებენ, რადგან ხელოვნური დესტაბილიზაცით, ისევ ბავშვები ზარალდებიან.
როგორ ირკვევა, განსხვავებული მოსაზრებისაა მერიის ადმინისტრაციული სამსახური უფროსი ზვიად ჯავახია. როგორც აქციის მონაწილეები იხსენებენ, მან განაცხადა, თანამშრომლები ადრე რომ გაფიცულიყვნენ, მათი მოთხოვნა გათვალისწინებული იქნებოდა, ახლა კი ბიუჯეტზე მუშაობა დასრულებულია. ოფიციალურად კი თვითმმართველობა აცხადებს, რომ ბაღების ფილიალების თანანმშრომლებს ხელფასები დამატებული 300 000 ლარი მეშვეობით გაეზრდება, ზუსტი ციფრებზე კი მუშაობა მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ააიპ ბაგა–ბაღების გაერთანებაში სულ 37 ბაღი შედის. 8 500 000 ლარიანი ბიუჯეტითა და 1601 თანამშრომლით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი