მათ მოუწევთ პასუხისგება ქვეყნის ომში ჩართვის გამო - ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ რეპრესიებით ემუქრება
მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით, 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, - აცხადებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
მისი თქმით, არჩევნებში თუ ისევ „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიმარჯვა, ახალ წელს „ლომჯარიას ფოიერვერკს“ ვნახავთ.
„ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით, 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენ ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა. კონტროლი დავკარგეთ 125 დასახლებულ პუნქტზე, გარდაიცვალა 412 ჩვენი მოქალაქე, დაიჭრა და დასახიჩრდა 2 ათასამდე ადამიანი, ხოლო ომის შედეგად 126 000 ჩვენი თანამემამულე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. სწორედ ამისათვის გვჭირდება ჩვენ მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია.
დღეს, საქართველოს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ქვეყნის გაწირვის რისკზე წავიდეს. საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ. იმისათვის, რომ ასეთი კრიტიკული არჩევანის წინაშე აღარასდროს დავდგეთ, აუცილებელია საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ აგენტურა, რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა სწრაფი ტემპით განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას“, -განაცხადა ივანიშვილმა ქართული ოცნების საარჩევნო კამპანის გახსნისას.
ივანიშვილის თქმით, ამ არჩევნებში „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება. „ოცნება“ არჩევნებზე მისი პრორუსული სატელიტი ძალასთან „ხალხის ძალასთან“ ერთად გადის.
ავტორი: ნიუპრესი