მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ძებნა-შველის ოპერაციისას მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი იპოვეს.
რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული.
ახალგაზრდა ბიჭი მდინარე ლეხიდარში გუშინ, 2 აპრილს ოჯახის წევრების თანდასწრებით გაუჩინარდა.
უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის ორი მყვინთავი მონაწილეობდა. ტერიტორიის მონიტორინგში, ასევე, ჩართული იყო საფრენი აპარატი - დრონი.
ავტორი: ნიუპრესი