|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე ძირულაში თევზების დახოცვის ფაქტზე საქმის წარმოება დაიწყო

ხარაგაულში, მდინარე ძირულამ მკვდარი თევზები გამორიყა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ადგილობრივმა გამოაქვეყნა.

მისი თქმით, მდინარეში დახოცილი თევზი ორი დღის წინ შენიშნა. ადგილობრივებმა ზუსტად არ იციან რა გახდა მიზეზი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მდინარის დაბინძურება ბეტონის საწარმოდან გარკვეული ნივთიერების გაჟონვით მოხდა.

"ორი დღის წინ, მდინარის ზედაპირზე უამრავი თევზი შევნიშნეთ. ადგილზე რომ მივედით, ვნახეთ, ყველა დახოცილი იყო. არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ ამბობენ, საწარმოდან დაბინძურდა წყალი, თუმცა ზუსტი მიზეზი არ ვიცით. მ თუ რეაგირება არ მოხდა, სრულად დაიხოცება წყალქვეშა ბინადრები", - აცხადებენ ადგილობრივები.

ფაქტს გამოეხმაურა გარემოს დაცვის სააგენტო. უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, საქმის წარმოება დაიწყეს.

"ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარე ძირულადან აღებულია მდინარის წყლის სინჯები და დახოცილი თევზის ნიმუშები, რომელიც კვლევების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში. ასევე, დადგინდა რომ მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ბეტონის საწარმო და შესაძლოა მომხდარი უკავშირდებოდეს აღნიშნული ობიექტის მხრიდან მდინარის დაბინძურებას. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დაწყებულია ბეტონის საწარმოს ინსპექტირება. ლაბორატორიული კვლევების პასუხების მიღებისა და ინსპექტირების დასრულებისთანავე, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

 
 
 
 
 
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა