მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი - გოგი წულაიამ საპატიმრო დატოვა
მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, - აცხადებს გოგი წულაია, რომელიც სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მისი თქმით, ნაწყენია იმ პოლიტიკოსებზე, რომლებმაც მის დასაცავად "თავი არ მოუკლავთ"
„იმის განცდა გამიჩნდა, რომ ამ სასამართლოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მონა არ არიან და თავისუფალ გადაწყვეტილებას ღებულობენ. ეს არის ძალიან კარგი განცდა. მადლობა მინდა ვუთხრა იმ პატიმრებს, რომლებიც სოლიდარობას მიცხადებდნენ და მამხნევებდნენ. ბარე ორი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, საერთოდ რომ არ ვუხსენებივარ სხვათაშორის, ცოტა წყენაც მაქვს გულში. ვიცი, რომ შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიცხადებდნენ მხარდაჭერას, დანარჩენებს მაინც და მაინც თავი არ მოუკლავთ. თუ ისინი ფიქრობენ, ამ ხელისულებამ იმიტომ დამიჭირა, რომ ქალის უფლებების ნამეტანი დაცვა უნდათ და ასმათზე იყვნენ გადარეულები, ძალიან შემცდარან. მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის“, - განაცხადა წულაიამ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაია 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას ბრალად სექსუალური ხასიათის მსგავსი ძალადობა ედება.
ავტორი: ნიუპრესი