სახელისუფლებო ტროლები მედიის განვითარების ფონდმა გამოავლინა
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) სოციალურ ქსელში არსებულ ყალბ პროფილებთან (ე.წ. ტროლები) დაკავშირებით, კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევის შედეგად, გამოვლინდა Facebook-ის 15 პროფილი, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. 15-დან 11 რუსული სოციალური ქსელების - ოდნოკლასნიკებისა (3) და VKontakte-ს (8) - მომხმრებლების იდენტობას იპარავს, 2 - სერიალის პერსონაჟების, 1 - ფეისბუქ მომხმარებლის, ხოლო 1 - თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ჟურნალისტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის.
"იდენტიფიცირებული ტროლები მმართველი პარტიის ან ცალკეული უწყებების მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებენ. ეს გზავნილები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მმართველი პარტიის პოზიციებთან მოდის თანხვედრაში და ზოგჯერ კამპანიური სახისაა. იდენტიფიცირებული ტროლების უმეტესობა სიმპათიებს გამოხატავს თბილისის მერ კახა კალაძის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ. პოსტების დიდი ნაწილი შსს-ს მიერ კრიმინალთან ეფექტიან გამკლავებას ეხება. 15-დან 9 ტროლს ყველაზე ხშირად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ღონისძიებების ამსახველი ფოტოები აქვს მოწონებული და ბევრ მათგანს უშუალოდ სამინისტროს პოსტები გაზიარებული. კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული ტროლები, სოციალურ ქსელში ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკულ პოსტებზე მწვავედ რეაგირებენ და საპირისპიროს დამტკიცებას თავიანთი კომენტარებით ცდილობენ. მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი პოსტებისა და კომენტარების გარდა, როგორც TBC ბანკის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ ტროლები კამპანიურად ერთვებიან და ერთგვაროვანი გზავნილების შემცველ პოსტებს ორგანიზებულად ავრცელებენ", - ნათქვამია კვლევაში.
ტროლების სამიზნე TBC ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედიაა, რომელთა წინააღმდეგ პოსტები კამპანიურად ქვეყნდება და ერთგვაროვანი შინაარსისა.
ავტორი: