|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერაბ კვირიკაშვილს შეჯახების არიდება არ შეეძლო"

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა განახლდა. პროცესზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ესპერტები დაიკითხნენ.

დემურ დვალმა ექსპერტიზის პირველ დასკვნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ბმვ"-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც კვირიკაშვილი მართავდა, გადავიდა მოძრაობის ზოლიდან, რის შემდგომაც მოხდა შეჯახება. მისი თქმით, "ნისან ტიდას" მძღოლი გიორგი პაპასკირი არ არღვევდა მოძრაობას და არ შეეძლო პროცესის არიდება.

კითხვაზე, მერაბ კვირიკაშვილის ქმედება გამოწვეული იყო თუ არა გამოუვალი მდგომარეობით, ვერ უპასუხეს და საქმე წარმოებაში დააბრუნეს, რადგან მერაბ კვირიკაშვილის განცხადების საწინააღმდეგოს ამტკიცებდა რამდენიმე თვითმხილველი.

მოწმეები განმარტავდნენ, რომ არ შეუნიშნავთ ავტომობილი, რომელმაც მოძრაობას საფრთხე შეუქმნა. დემურ დვალის განცხადებით, უნდა დადგენილიყო, არსებობდა თუ არა მესამე ავტომობილი, რომლის მანევრირებაც გამოიწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევას.

კვირიკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ სხვა ავტომობილი არ შეუნიშნავთ, პრალელურად ამბობდნენ, რომ ბმვ-ს ავტომობილს ყურადღება მხოლოდ საბურავების ხმაურის შემდეგ მიაქციეს, რის გამოც მათ ვერ შეეძლებოდათ დაენახათ ავტომობილი, რომელმაც არასწორი მანევრირება მოახდინა.

დღესვე დაიკითხა ექსპერტი იორამ ჭირაქაძე, რომელიც სამივე დასკვნაზე მუშაობდა. მან განმარტა, რომ მეორე დასკვნაში წერია, რომ მერაბ კვირიკაშვილის მხარეს რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი არ ყოფილა და მისი მოქმედება არ შეესაბამებოდა იმ ადგილზე არსებულ მოძრაობის წესებს. თუმცა დაინიშნა შემდგომი ექქსპერტიზა და მესამე დასკვნაში მეორე დასკვნის საწინააღმდეგო დაიწერა. ექსპეტიზის დასკვნით მერაბ კვირიკაშვილს შეჯახების არიდება არ შეეძლო, რადგან გამოჩნდა თვითმხილველი, რომელიც ამბობდა, რომ შემთხვევის დროს ნამდვილად იყო მესამე ავტომობილი, რომელმაც გამოიწვია შეჯახების პროვოცირება.

დასკვნებში სხვაობამ ბრალდების მხარის კითხვები გამოიწვია. პროკური ვალერი კუჭუხიძე განმარტავს, რომ გაურკვეველია, რამ გამოიწვია დასკვნებში ასეთი ცვლილება. რაზეც ექსპერტმა განმარტა, რომ მესამე დასკვნა ახალი თვითმხილველის ჩვენებამ განპირობა.

სასამართლო საქმის განხილვას მოსამართლე მურთაზ კაპანაძე უძღვებოდა. პროცესს დაესწრო მერაბ კვირიკაშვილი.

მომდევნო პროცესი 26 ოქტომბერს გაიმართება, რის შემდეგაც სხდომები ერთი თვის განმავლობაში აღარ გაიმართება, რადგან მერაბ კვირიკაშვილი ნაკრებთან ერთად  მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

 შეგახსენებთ, საქმე  2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოყვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი