"ქუთაისის მერია ასეულობით მოქალაქის საწინააღმდეგოდ მოქმედებს"
"ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობა 500-ს გადასცდა. ხელმოწერთა რაოდენობა ისევ იზრდება.
არასამთავრობო ორგანიზაციის " ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, ხელმომწერთა თავდაპირველი რაოდენობა 500-ით განსაზღვრეს, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი აქტივობიდან გამომდინარე, პარამეტრებში ცვლილება შეიტანეს, რაც მეტ მოქალაქეს აძლევს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას.
"თითოეული ხელმომწერი მერიას მის ნეგატიურ დამოკიდებულებას აცნობს. თვითმმართველობა საზოგადოების ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს, თუმცა ქუთაისის მერია ასეულობით მოქალაქის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. წინასაარჩევნო რეჟიმის პირობებში ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს უკმაყოფილო ჯგუფების შემცირებას, მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ წასვლას გონიერი ხელისუფლება უნდა ერიდებოდეს, მით უფრო მაშინ როცა ჩვენს მხარეს კანონი და ქალაქის ინტერესებია. ამ საკითხზე, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნების სიჭრელისა, საზოგადოებაში ერთი აზრი არსებობს, რომ ქალაქს ესაჭიროება მეტი სკვერი, მეტი მწვანე სექტორი, რომ კულტურული მემკვიდრეობა დაცული უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია სანაპირო ზოლის შენარჩუნებაც, რაც ქალაქს ისედაც მცირე აქვს", –აცხადებს ბარათაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რიონის სანაპიროზე კაფეს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლები და საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს. ამის მიუხედავად, მშენებლობა არა თუ შეჩერდა, უფრო დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
ბარათაშვილის განცხადებას მერიაში პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ მშენებლობას მწვანე საფარი არ ეწირება, ამ თემით სპეკულირებას კი მართულს უწოდებენ.
"არაერთხელ იქნა განმარტება გაკეთებული, რომ არ იჭრება არცერთი ხე, არ არის აღნიშნულ ტერიტორიაზე მწვანე ზოლი. კანონის ფარგლებში ხდება მშენებლობა. "არგო"-ს პროექტი ითვალისწინებს ერთი სართულის (მსუბუქი კონსტრუქცია) მშენებლობას. შესაბამისად, ამ თემით სპეკულირება მიგვაჩნია პოლიტიკურად მართულ პროცესად. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებები კი ცილისმწამებლურია",–აცხადებენ მერიაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი