მესხიშვილის თეატრში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრმა მასწავლებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა, არაერთი ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. როგორც პედაგოგებმა, ასევე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას საინტერესო შემოქმედებითი წარმოდგენა შესთავაზეს.
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაჯილდოების ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით,მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ავტორი: