მეუფე იოანე, თემურ შაშიაშვილი - ვინ გახდნენ საპატიო ქუთაისელები?
ქუთაისში "ორმაისობა" ტრადიციული ღონისძიებებით აღინიშნება. გამოფენებთან და ტურნირებთან ერთად გაიმართა საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ღონოსძიება.
დღეს საპატიო ქუთაისელის წოდება სხვადასხვა სფეროს 8 წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის არიან ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი და ქუთაისის ყოფილი მერი თეიმურაზ შაშიაშვილი.
ქუთაისის ახლადარჩეულ საპატიო მოქალაქეებს შესაბამისი სიგელები და სამკერდე ნიშნები იმერეთის გუბერნატორმა, ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გადასცეს.
2022 წელს საპატიო წოდების მფლობელები გახდნენ: მწერალი ლერი ალიმონაკი, პროფესორი ოთარ ჭუმბურიძე, საზოგადოება "ქუთაისელის" ღვაწლმოსილი წევრი ჯემალ ხაჭაპურიძე, მეუფე იოანე გამრეკელი, პოლიტიკოსი თეიმურაზ შაშიაშვილი, პროფესორი რობერტ გოლეთიანი, აწსუ-ის რექტორი როლანდ კოპალიანი, პედიატრი ვერა(კუსა) ნოდია.
"დღეს კიდევ 8 ადამიანს მივანიჭეთ საპატიო ქუთაისელის წოდება. თითოეულ მათგანს კარგად ვიცნობთ ქუთაისში, ვიცით მათი ღვაწლი და დამსახურება მშობლიური ქალაქის წინაშე. ვულოცავ მათ დამსახურებულად მინიჭებულ საპატიო წოდებას და მჯერა, კიდევ დიდხანს იქნებიან მშობლიური ქალაქის და თანაქალაქელების სამსახურში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი