წელს სამივლინებო ხარჯებზე ქუთაისის ბიუჯეტიდან 58 164,58 ლარი გამოიყო
2017 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ქუთაისის მერისა და თანამშრომლების მიერ 15-ზე მეტი მივლინება განხორციელდა. მათ შორის რამდენიმე ქვეყანაში მივლინებით იყო ქუთაისის მერი. "ნიუპრესი" დაინტერესდა, რა პროექტების ფარგლებში იყვნენ მივლინებაში საჯარო მოხელეები და ამისათვის ბიუჯეტიდან რა თანხა გაიხარჯა.
მიმდინარე წელს ქუთაისის მერიიდან პირველი მივლინება ეკონომიკის სამსახურის ტურიზმის განყოფილების მთავარმა სპეციალისტებმა განახორციელეს. მივლინება გერმანიაში განხორციელდა და საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობას გულისხმობდა. სამივლინებო ხარჯებიდან 8 617. 92 ლარი გამოიყო, 4 750 ლარი ტურიზმის განყოფილების პროგრამიდან. ჯამში ორი თანამშრომლის მივლინებაზე 13 367, 92 ლარი გაიხარჯა.
დიდ ბრიტანეტში ქალაქ ნიუპორტში 18-დან 22 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა საგარაო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი. მივლინება ქუთაისისა და ნიუპროტის 25-წლიან მეგობრობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით მოეწყო, რისთვისაც სამივლინებო ხარჯებიდან 1 891, 51 ლარი დაიხარჯა.
29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ქალაქ ტალინში კონფერენციაში მონაწილოების მიზნით საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ორი თანამშრომელი მივლინებაში იმყოფებოდნენ. სამივლინებო ხარჯებიდან 7 340,88 ლარი გამოიყო. ამავე ვადებში, ამავე კონფერენციაზე ტალინში იმყოფებოდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რომლის მივლინებისთვისაც სამივლინებო ხარჯებიდან 2 248,34 ლარი გამოიყო.
5 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით ბაქოში გამართულ ამხანაგურ მატჩზე დასასწრებად წასულ დელეგაციას მერიის სპორტის განყოფილების უფროსი და სპეციალისტი ახლდა, სამივლინებო ხარჯებიდან 1 722,16 ლარი გამოიყო.
18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ქუთაისისა და ნიუპორტის დამეგობრების 25 წლისთავის მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებაში დასასწრებად გაემგაზავრა ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რომლის მივლინებაც 1 848, 51 ლარი დაჯდა.
23 ივლისიდან 25 ივნისის ჩათვლით მერიის მიერ მოწყობილ ექსპედიციას ბაგრატიდან-ტაო კლარჯეთამდე ხელმძღვანელობისთვის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის მივლინებაზე 79,71 ლარი დაიხარჯა. ამავე ექსპედიციაში მონაწილეობისთვის გაემგზავრა შოთა მურღულია, რისთვისაც 88,57 ლარი გამოიყო. 844,91 ლარი გაიხარჯა კიდევ ორი პირის მონაწილეობისთვის.
5 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით ხარკოვში ოფოციალური ვიზიტით კონფერენციაში მონაწილეობისთვის მიწვეულ იყო მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. ზვიად ჯავახიას მივლინებისთვის 1 175, 55 ლარი გაიხარჯა.
9 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით ბრიუსელში საერთაშორის კონფერენციაში მონაწილოებისთვის მიწვეული იყო ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რომლის მოვლინებაზეც ბიუჯეტიდან 415, 58 ლარი გამოიყო. ამავე კონფერენციაში მონაწილეობდა საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, რისთვისაც 3 078, 95 ლარი გამოიყო.
სექტემბერში ქალაქ დნეპროპეტროვსკში ამავე ქალაქის სახელობის დღეებში მონაწილოებისთვის ექვსდღიანი მივლინებით იმყოფებოდნენ ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი, მისი მოადგილე და განყოფილების ხელმძღვანელი. მივლინებაზე 8358,11 ლარი გაიხარჯა.
სექტემბერში ქალაქ ჟიტომირში მივლინებით იმყოფებოდა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია და განყოფილების სპეციალისტი, ბიუჯეტიდან 2 244, 97 ლარი გაიხარჯა.
3-7 სექტემბერს ქალაქ ვადერნში ქართული მხარისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემას დაესწრო მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე, მივლინებაზე 4 209, 40 ლარი გამოიყო.
ქალაქ კარლოვიცაში საერთაშორის ფესტივალში მონაწილეობისთვის ახალგაზრდული სამსახურის განყოფილების სპეციალისტის მივლინებაზე 2 244, 86 ლარი გაიხარჯა.
მიუნხენში ორდღიანი ვიზიტით ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განვითარების შესახებ დაგეგმილ სემინარზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ბიჯეტიდან 2 626,99 ლარი გამოიყო.
29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გერმანიაში მინი ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად გაემგზავრა სპორტის განყოფილების უფროსი, რისთვისაც 2 216, 41 ლარი გაიხარჯა.
სექტემბერში კრაკოვი იმყოფებოდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია, სამივლინებო თანხიდან 2161, 25 ლარი გაიხარჯა.
საჯარო ინფორმაციაში მითითებული სამივლინებო ხარჯების გაანგარიშების შედეგად ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში, ქუთაისის ბიუჯეტიდან სამივლინებო ხარჯებისათვის 58 164,58 ლარი გადაირიცხა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი