|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მინდა, ქუთაისი უცხოელ კოლეგებს გავაცნო“ - მარიკა მაჩიტიძე

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ჯუზეპე ვერდის შედევრი „ტრავიატა“ განსაკუთრებული შემადგენლობით გაჟღერდა. საოპერო სპექტაკლში ვიოლეტას როლი საერთაშორისო აღიარების მქონე, ქუთაისელმა  სოპრანომ  მარიკა მაჩიტიძემ შეასრულა.

ქართველი სოპრანო უამრავი პრიზის და ლაურეატის მფლობელია. მას მრავალი საოპერო პარტია აქვს შესრულებული, თუმცა ჯუზეპე ვერდის „ტრავიატაში“ ვიოლეტას როლი მისი სავიზიტო ბარათია.

მას  ქუთაისთან ბევრი რამ აკავშირებს, ამბობს რომ ქუთაისში  ვიზიტისას ყოველთვის განსხვავებული გრძნობა ეუფლება. 

„ნიუპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს  ცნობილ სოპრანო  მარიკა მაჩიტიძესთან.

 - დავიბადე  და გავიზარდე ქუთაისში. აქ მივიღე ძირითადი განათლება, დავასრულე სკოლა, მუსიკალური სასწავლებელი, ბაკალავრიატი.  ქუთაისის ოპერის კედლებში გავიზარდე, ეს არის ჩემი ქალაქი, რომელიც ძალიან მიყვარს. აქ მუშაობდა დედაც, ორკესტრში უკრავდა. მუსიკალური ცხოვრება და ხელოვნება ჩემთვის უცხო არ იყო.  ბავშვობიდან ვიცნობდი შიდა სამზარეულოს. ვაკვირდებოდი ხოლმე, როგორ ემზადებოდნენ კონცერტებისთვის.  ასე რომ ქუთაისთან  ბევრი რამ მაკავშირებს. ყოველთვის მიხარია  მშობლიურ ქალაქში ყოფნა.  განსხვავებული გრძნობა მეუფლება,  როდესაც ქუთაისში ჩამოვდივარ.

10 წელია, რაც საცხოვრებლად თბილისში გადავედი. სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელე  და როგორც კი დავასრულე, ოპერის თეატრში სოლისტად ამიყვანეს, რამაც ძალიან გამაბედნიერა.

- თავიდანვე გქონდათ გადაწყვეტილი, რომ თქვენს ცხოვრებას ხელოვნებას დაუკავშირებდით?

-არა, თავიდან  სამედიცინოზე ჩავაბარე. მამა ექიმი იყო და მეც  მქონდა სურვილი, ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო.  ხელოვნებამ  ვულკანივით იფეთქა ჩემში  და გადავწვიტე  ამ მიმართულებით წავსულიყავი.  აი, ეს არის ვირუსი, რომლითაც დავავადდი, მუსიკამ   ბევრი რამ გადაწონა ჩემს ცხოვრებაში.

- 2010 წელს იტალიაში  განაგრძეთ თქვენი კარიერული წინსვლა.  როგორი იყო ეს  პერიოდი და თუ გიფიქრიათ საზღვარგარეთ ცხოვრებაზე?

- ყოველთვის ვმოგზაურობ, თუმცა არასდროს გამჩენია სურვილი საზღვარგრეთ გადავსულიყავი საცხოვრებლად. მოგზაურობის გასტროლების თუ სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის შემდეგ ისევ  საქართველოში ვბრუნდები.

-უამრავ საოპერო სპექტაკში გაქვთ მონაწილეობა მინაღები, თქვენი საყვარელი პარტია რომელია? 

- ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, ვიოლეტას როლი.

- მიიჩნევენ, რომ  ეს როლი თქვენი სავიზიტო ბარათია... 

-დიახ, როლებიდან ყველაზე მეტად ვიოლეტას როლს  გამოვყოფ. რატომღაც  ეს პერსონაჟი ძალიან მოერგო ჩემს ხმას, შინაგან ბუნებას განწყობას და თვლიან, რომ კარგად ვასრულებ.

-2016 წელს, რუსეთის სატელევიზიო კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ფინალში ვერ გადახვედით, ჟიური აღფრთოვანებული დარჩა თქვენი მუსიკალური მონაცემებით. ამ პროექტის შესახებ გვიამბეთ.

-ძალიან საინტერესო  სატელევიზიო პროექტი იყო, რომელიც  „რასია კულტურაზე“ გადიოდა - „ბალშაია ოპერა 2016“. ძალიან საპასუხისმგებლო მისია მხვდა წილად. პირველი ქართველი ვიყავი, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ბოლო პერიოდში, ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ძალიან განვიცდიდი კონკურსში მონაწლეობას. მეგონა, სხვა დამოკიდებულება ექნებოდათ  ჩემს, როგორც ქართველის მიმართ, თუმცა, ამ მხრივ, საერთოდ არ მქონია პრობლემა. პირიქით, დიდი პატივისცემით მექცეოდნენ.

-რუსულ სატელევიზიო კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, როგორც ვიცი, უამრავი შემოთავაზება გაქვთ...

- მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში ვერ გავიმარჯვე, ძალიან ბევრი სიმპატია დავიმსახურე რუსი მუსიკოსების მხრიდან და უამრავი შემოთავაზებაც მივიღე. დაგეგმილია რამდენიმე კონცერტი მოსკოვში. კონცერტს გავმართავ მოსკოვის ფილარმონიისა და „ვირტუოზ მასკვის“  ორკესტრების ხელმძღვანელ, დირიჟორ და მევიოლინე ვლადიმერ სპივაკოვთან ერთად, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

უამრავ მასტესკლასებში ვიღებ მონაწილეობას იმისთვის, რომ უფრო მეტად დავხვეწო ჩემი საშემსრულებო  ხელოვნება.

-ბევრი კონკურსის გამარჯვებული ხართ, ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი რომელი ჯილდო იყო თქვენთვის ? 

-ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა.  ვარ მეოთხე რესპუბლიკული კონკურსის ლაურეატი. ეს არის ძალიან სერიოზული კონკურსი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.  კონკურსის თავმჯდომარე, არაჩვეულებრივი მუსიკოსი ვაჟა ჩაჩავა იყო.  მას სურდა, რომ პირველი ადგილი მიმეღო, თუმცა მოხდა ისე, რომ მესამე ადგილზე გავედი. ასევე  ვარ ლადო ათანელის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. მიმაჩნია, რომ გამარჯვება და პირველი ადგილი ყოველთვის არ არის წარმატების საწინდარი. მთავარია, როგორ გააგრძელებ  შემოქმედებას.  დიდად არ ვარ ხოლმე კონკურსების მოყვარული, თუმცა ბევრჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული. ეს საჭიროა გამოცდილებისთვის.

-სამომავლო გეგმებზეც  რომ გვიამბოთ,  ხომ არ გეგმავთ ქუთაისში  კონცერტის ჩატარებას ?

-დიდი სურვილი მაქვს, პროექტის კონკურსანტები მოვიწვიო ქუთაისში და გავმართოთ  ჩემს ქალაქში გავმართოთ კარგი კონცერტი,  ქუთაისში და არა თბილისში. მინდა,  ჩემი ქალაქი გავაცნო და დავანახო უცხოელ კოლეგებს.  საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მქონდა ქალაქის მერთან და ძალიან დიდი დაინტერესება გამოთქვა.  იმედი მაქვს, ამ იდეას განვახორციელებთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი