როგორი იქნება მინი ქალაქი, რომელიც ნიკეას ქუჩის მიმდებარედ მოეწყობა? (VIDEO)
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მინი ქალაქი მოეწყობა, ამის შესახებ „ნიუპრესს“ ინვესტორთან დაახლოებულმა პირმა აცნობა. მისი ინფორმაციით, პროექტს თურქი ინვესტორები ახორციელებენ. ამ დროისთვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ნიადაგის შესწავლა, რის შემდეგაც დაიწყება მინი ქალაქის მშენებლობა. ცნობილია, რომ ტერიტორიაზე განთავსდება საცხოვრებელი ბინები, მოეწყობა დასასვენებელი კომპლექსი, გასართობი ცენტრები და სხვა. არსებული ინფორმაციით, პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულდეს. უკვე არსებობს პროექტის გეგმა.
ჯერჯერობით პროექტის შესახებ საუბარი უჭირთ ქუთაისის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ მინი ქალაქის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქი პარლამენტთან ახლოს, შერვაშიძის ქუჩაზე, დაახლოებით 240 კვ.მეტრზე უნდა განთავსებულიყო. სამუშაოებისათის ინვესტიციებს "აია ინტერტაიმენტი" მოიზიდავდა. თუმცა დამატებით ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. ამ დროისთვის უცნობია არის, თუ არა ეს პროექტები ერთი და იგივე. აღნიშნულთან დაკავშირებით „ნიუპრესი“ მუშაობას აგრძელებს.
რაც შეეხება ნიკეას ქუჩას, იქ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც 7 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოები დაახლოებით შემოდგომაზე დასრულდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი