"მინისტრს ჯერ არ მოვუტყუებივართ" - ქუთაისის თოჯინების თეატრი რეაბილიტაციის მოლოდინში
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა. გასული წლის დეკემბერში კი თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან გაბრიჭიძემ იმედიანი პოსტი დადო. მისი განცხადებით, პროექტში საბოლოო ცვლილებები შევიდა და რეაბილიტაციის პროცესიც მალე დაიწყებოდა. მიუხედავად ამისა, თეატრის რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის დასაფინანსებელ პროექტებს შორის ვერ მოხვდა.
როგორც თეატრში აცხადებენ, თოჯინებს თეატრის რეაბილიტაციის პროექტი ქალაქის მერიის ჩართულობით მომზადდა, თუმცა თოჯინების თეატრი, ისევე როგორც სხვა თეატრები სამინისტროს დაფინანსებაზე გადავიდა და თვითმმართველობა პროცესებს გამოეთიშა.
თეატრის დირექტორი თეიმურაზ ბაღდავაძე აღნიშნავს, რომ ახალი წელი ისე დაიწყო, რომ პროექტის დამტკიცება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაწერილი არ არის. თუმცა, მისი თქმით, გამორიცხული არ არის, სამუშაოები წელსაც დაიწყოს, რისი პირობაც კულტურის მინისტრისაგან მიიღეს.
"პროექტში შესწორებების შეტანა გახდა საჭირო, პროექტი გასწორდა, მაგრამ ამასობაში ახალი წელი დაიწყო და პროექტი ბიუჯეტში ვერ მოხდა. სამინისტრო აქვს სხვადასხვა პროექტები დაახლოებით 60 მილიონის ფარგლებში, შესაძლოა, აქედან გამოიძებნოს თანხა ჩვენი პროექტისთვის, რასაც დაახლოებით ნახევარ მილიონამდე თანხა სჭირდება, თუმცა, როდის ეს არ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, ჩვენს მინისტრს ჯერ არ მოვუტყუებივართ", -განაცხადა თოჯინების თეატრის დირექტორმა თეიმურაზ ბაღდავაძემ.
პროექტი 550 ათასი ლარის ღირებულებისაა, რაც თეატრის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, სრულად უნდა გარემონტდეს დარბაზი, ფოიე, ფასადი, გათვალისწინებული იქნება სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, რაც ამ დროისათვის არ არის.
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი თეატრი 1946 წელს შეიქმნა. თეატრი ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარეობს. შენობას რეაბილიტაცია ბოლოს 1987 წელს ჩაუტარდა.
თეატრის რეპერტუარში 23 მოქმედი სპექტაკლია. თეატრი კულტურის სამინისტროდან 250 ათასი ლარით ფინანსდება, რასაც საკუთარი შემოსავლები ემატება. თანამშრომლების ხელფასი 300-დან 600 ლარის ფარგლებში მერყეობს.
როგორი იქნება ქუთაისის თოჯინების თეატრი რეაბილიტაციის შემდეგ?
ავტორი: ირინა მაკარიძე