მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია იწყება
დღეიდან ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველზე გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, შიმშილობის აქცია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე დაიწყება, იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.
მელიას თქმით, შიმშილობის მასობრივ აქციაში ჩართვისკენ ვერავის მოუწოდებს, თუმცა "რაც უფრო ბევრნი იქნებიან, მიხეილ სააკაშვილს მით მალე გაათავისუფლებენ".
„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდია.
ჩვენ ამ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას ვიწყებთ კახეთის გზატკეცილზე, ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიქნებით ძალიან ბევრნი. შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქ ეწყობა და ჩემი მხრიდანაც სათქმელად რთულია, ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. თქვენთვისაც მოსმენა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, მაგრამ იქ, სადაც ეროვნული ინტერესია, იქ, სადაც ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას მთელი სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები, იქ, სადაც ოკუპაციას გადარჩენილი ქართველები იმ ტერიტორიაზე ვართ, სადაც ხდება ის, რაც ყოველდღიურად ხდება, როცა ოკუპაციას გადარჩენილ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ ქართველები და დაგვავიწყდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებიც, იმიტომ, რომ ამ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს აწყობს პოლარიზება, რომ მათზეც ვერ ვესაუბროთ, ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს, გარდა შეტევისა და გარდა იძულებისა, რომ რეჟიმს უკან დავახევინოთ და მიტაცებული სახელმწიფო ხელიდან გავაგდებინოთ. აქედან ჩავდივარ, მეგობრებთან ერთად მივდივარ კახეთის გზატკეცილისკენ, ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იქ წამოხვალთ. ვიქნებით მანამდე და არა მხოლოდ იქ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება ტყვეობიდან. ეს შიმშილობის უმძიმესი აქტი იქნება უვადო, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე“, - განაცხადა მელიამ.
მასშტაბური საპროტესყო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდან ჩავიდნენ.
ავტორი: ნიუპრესი