მიყვარს ეს ქვეყანა და ეს ენა - ნათია ფანჯიკიძე ქართველების "თვითგვემაზე"
გრძნობების სიმხურვალე, გლოვის ზარი, გადაჭარბებული რომ შეიძლება ეჩვენოს ვინმეს, სინამდვილეში ის მომხიბვლელობა და ის სიმძაფრეა, რის გამოც არის მაგნიტური ქვეყანა საქართველო - წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში, რითაც ავსტრალიელი პეგადოგის დაღუპვის ფაქტზე საზოგადოების ვნებათა ღელვას ეხმიანება.
31 წლის უცხოელი ქალის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის ფაქტს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოყვა, ერთი ნაწილი ხელისუფლებას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებდა, ნაწილი ქართველობის გამო სირცხვილის განცდის შესახებ წერდა, დანარჩენი ნაწილი კი მათ საპირისპიროდ აცხადებდა, რომ დანაშაული ყველგან ხდება და ქართველებიც იღუპებიან სხვა ქვეყანებში.
ნათია ფანჯიკიძე კი ქართველების "თვითგვემას" გამორჩეულ თვისებად მიიჩნევს.
"ამ ქვეყანას აქვს გამორჩეული თვისებები, რომელსაც ხშირად ჩვენს ნაკლად ვთვლით. თვითგვემას მაგალითად, - ეს ჩვენ როგორ დაგვემართა! ვაიმე, შევრცხვით, ვაიმე რატომ? აი ასე შეიცხადებს ხოლმე სტუმარს, უცხოს, ნაცნობს ის ხალხი, რომლის გრძნობების სიმხურვალე, გლოვის ზარი, გადაჭარბებული რომ შეიძლება ეჩვენოს ვინმეს, სინამდვილეში ის მომხიბვლელობა და ის სიმძაფრეა, რის გამოც არის მაგნიტური ქვეყანა საქართველო, რის გამოც ყველა გრძნობა, სიყვარულიდან დაწყებული, ეჭვიანობით, ტანჯვით დასრულებული განიცდება ისე მძაფრად, როგორც არსად სხვაგან. და ეს გრძნობები, ეს გამორჩეულობა მიმაჩნია ერთერთ თვისებად, რამაც გადაგვაძლევინა ყველა დაბრკოლება და ისევ ვცოცხლობთ და აი ასე ვნებიანად, დაცემით და წამოდგომით გავალთ სადაც ჩვენი ადგილია, - ცივილიზებულ სამყაროში და იქაც შევიტანთ ჩვენს ცხელ ხასიათს და არომატებს. მიყვარს ეს ქვეყანა და ეს ენა, რომელზეც ვალაგებ ფიქრებს და ხან ვიტანჯები, ხან სულ პირიქით"- წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ავსტრიელი პედაგოგი შანაი ბრუკი თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ დრომდე დაკავებული არავინ არის.
ავტორი: ნიუპრესი