"მიზანი გაზიარებული პასუხისმგებლობაა - ესაა განვითარების ვექტორი"
თვითმმართველობის რეფორმის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობის მაღალი ხარისხია.
ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისათვის შექმნილი კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 22 ივლისს მიიღო, სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრებების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთო კრება დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ამ ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს.
დასახლების მცხოვრებლებს საერთო კრებებზე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე დასვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მათ გადაწყვეტაში. კანონში გაიწერა ის პროცედურები, რომლითაც ხდება საერთო კრების მოწვევა და მის მიერ ხელმძღვანელის - რჩეულის არჩევა.
არსებული პრაქტიკით, რომელსაც კვლევები აჩვენებს, სოფლის კრებები, უმეტეს შემთხვევაში, სოფლის დახმარების პროექტების პრიორიტეტების დასადგენად ტარდება. კრებების შედეგების შესახებ სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას სხვადასხვა გამოცდილება აქვს.
"უმეტესი ნაწილის აზრით, სოფლის კრებები "საჭიროებების შესაფასებლად, პრიორიტეტების განსასაზღვრად" ტარდება, თუმცა ფორმალურად, რადგან მოსახლეობამ არ იცის, როგორ დააყენოს საკითხი. გადაწყვეტილების მიღება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ერთპიროვნულად, რასაც ფორმალურად ესწრებიან თემის წარმომადგენლები.
სოფლის წარმომადგენელთა უმეტესობა არ არის ინფორმირებული, კონკრეტულად რამდენი და რა აქტივობის განსახორციელებლად იხარჯება სოფლის განვითარების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები. თვლიან, რომ საქმე, რომელიც ამ ფულით გაკეთდა, უხარისხოა და არ ღირს იმდენი, რამდენიც დაიხარჯა. ის, რომ პროექტების დეტალური ბიუჯეტი მოსახლეობისთვის უცნობია, უნდობლობის საფუძველი ხდება, რასაც სხვადასხვა მაგალითებიც ამყარებს", _ აღნიშნულია ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ 2014 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს იკვლევენ, მიიჩნევენ, რომ არსებული მდგომარეობის შესაცვლელად, პირველ რიგში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კომუნიკაცია უნდა შედგეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ნდობა უნდა დაიბრუნოს და ერთობლივ რეჟიმში დაიწყოს ადგილზე საკითხების გადაწყვეტა.
თუმცა, მთავრობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პირველ ეტაპზე, ყველა სოფელში დემოკრატიის დამყარება წარმოუდგენელია.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ამბობს, რომ უკვე მიღებულია კანონქვემდებარე აქტები მუნიციპალიტეტებში, რომელიც მრჩეველთა საბჭოებისა და სოფლის საერთო კრებების მოწვევის საკითხებს არეგულირებს; ჯერი ახლა საზოგადოებაზეა:
"კანონში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები, რომელმაც მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები განსაზღვრა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებთან დაკავშირებით უკვე მიიღეს მუნიციპალიტეტებმა ეს აქტები და ეს საბჭოები თითქმის ყველგან არის შექმნილი. ასევე, ნოემბერ-დეკემბერში აქვთ მიღებული სოფლის საერთო კრებების დებულებები. ახლა უკვე არსებობს სრული სამართლებრივი საფუძველი, რომ უახლოეს მომავალში სოფლის კრებებიც გააქტიურდეს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს მუშაობა, განსაკუთრებით ბიუჯეტის დაგეგმვის დროს. ანალოგიური ვითარება იქნება, როცა სოფლის კრებები ჩამოყალიბდება.
კანონში არსებული ნორმების ამოქმედება ძალიან საშური საქმეა და ამაში სამოქალაქო საზოგადოების როლი განუსაზღვრელია. ამას ცენტრალური, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ გააკეთებს, რომ მოქალაქეთა აქტიურობას, საინიციატივო ჯგუფების წარმოჩენას შეუწყოს ხელი. სამოქალაქო სექტორმა უნდა იაქტიუროს, განსაკუთრებით რეგიონებში.
ახლა ვაკეთებთ მოკვლევას, სად რა საინიციატივო ჯგუფები და საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოები შეიქმნა, შევქმნით ბაზას და უახლოეს მომავალში მოქალაქეთა ინფორმირებისთვის დამატებით ძალისხმევას მივმართავთ.
სოფლის კრებების წელსვე ამოქმედება ყველგან სავალდებულო არ იქნება. გვესმის, რომ 3600-ვე სოფელში ეს ერთიანად ვერ გახორციელდება. ვერც ერთი მთავრობა და სამინისტრო ვერ დაამყარებს დემოკრატიას საქართველოს 3600-ვე სოფელში ერთი ხელის მოქნევით. ამისთვის არსებობს ადგილებზე სამოქალაქო საზოგადოება, ჰყავთ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ყველას, მათ შორის მუნიციპალიტეტების წინაშე დასვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
სახელმწიფო ქმნის საკანონმდებლო ჩარჩოებს და გარკვეულ ღონისძიებებს ატარებს მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, დანარჩენი უკვე საზოგადოების გადასაწყვეტია.
წელს თუ ამ კრებების შეკრება და ამოქმედება სავალდებულო არ არის, გაისად სავალდებულო იქნება", _ აღნიშნავს შერგელაშვილი.
"საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით მელუა ამბობს, რომ რადგან ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ჭირს მოსახლეობის მობილიზება და სასოფლო კრებებზე გამოყვანა, ამ პროცესისთვის არა ფორმალური, არამედ, რეალური სახის მიცემა გაჭირდება:
"ამ მხრივ, შესაძლებელია, იყოს მნიშვნელოვანი სირთულეები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად ინიციატივიანი იქნება მუნიციპალიტეტი - რადგან არ კეთდება, თავს დაანებებს, თუ მაინც ბოლომდე შეეცდება, სადაც შესაძლებელია, რეალურად ჩაატაროს სასოფლო კრებები. რეალურად, ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს ხალხს, თუ, წინასწარ ეცოდინებათ, ვინ იქნება არჩეული. კონკურენტულ პირობებში უნდა მოხდეს რჩეულის არჩევა და შემდეგ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სურვილი, მას რეალურად მოსთხოვოს, თუ რა საკითხები დააყენა მან ადგილობრივ თვითმმართველობაში და რა გააკეთა აქედან, რა ვერ გადაიჭრა და რატომ. სადაც ასეთი კრებები შეიქმნება, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილობრივი დემოკრატიის პირველი ჩანასახი იქნება. თუმცა, მე ოპტიმისტი არ ვარ და არ მიმაჩნია შესაძლებლად, რომ წელსვე ყველა ერთეულში ასეთი კრებები შეიქმნას", _ აღნიშნავს მელუა.
მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეალური ძალაუფლების მინიჭებაა:
"მოქალაქეთა მონაწილეობა ოლიმპიური თამაშები არ არის, მხოლოდ მონაწილეობა რომ იყოს მნიშვნელოვანი; მთავარი შედეგია. როცა ადამიანი საკითხს წამოწევს ხელისუფლების წინაშე, მიიღებს მონაწილეობას ამ საკითხის განხილვაში, დაესწრება რამდენიმე შეხვედრას, მაგრამ საკითხის გადაჭრა წინ არ წაიწევს და პრობლემა პრობლემად დარჩება, ეს ადამიანი მეორედ აღარ ჩაერთვება ასეთ პროცესში. ჩათვლის, რომ ეს ფუჭი გარჯაა. ამიტომ, მონაწილეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის შედეგიანობა. ჩემი რჩევა იქნება _ მას, ვისაც უნდა საკანონმდებლო ნორმა მოქალაქეთა ინსტიტუციური მონაწილეობის შესახებ აამუშაოს, დიდ საკითხებს ნუ შეეჭიდება: შეეცადონ, ძალიან პატარა პრობლემების გადაჭრით დაიწყონ და მოაგვარონ. ეს ადამიანებს მისცემს მოტივაციას, რომ კიდევ მიიღონ მონაწილეობა და სხვა საკითხებიც დააყენონ. კრებებზე თუ ისეთი საკითხები დაისმება, რომლის მოგვარების თავი არც სოფელს აქვს, არც მუნიციპალიტეტს, არც ცენტრალურ ხელისუფლებას, "კრება მხიარული დარჩება" და მეორედ აღარ შეიკრიბება".
"რეგიონის განვითარების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სოფრომაძე ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების, სოფლის კრებების ჩატარების და მოსახლეობის დაინტერესებისთვის, მთავარია, მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ნდობა გაჩნდეს:
"უკუკავშირი უნდა იყოს ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, რითაც მოსახლეობას გაუჩნდება ნდობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მის მიერ დაყენებული საკითხის გადაწყვეტას ცდილობს. ხელისუფლებამაც ბევრი უნდა გააკეთოს, რომ მოსახლეობის ნდობა დაიბრუნოს. პატარ-პატარა ნაბიჯებით და პრეცენდენტებით შექმნას ეს პროცესი. თვითმიზანი მონაწილეობა კი არ არის, მიზანი სოფლის, ქალაქის განვითარებაა; მიზანი გაზიარებული პასუხისმგებლობაა _ რაც მეტს ფიქრობს საზოგადოება, აანალიზებს, მით მეტად ვვითარდებით. ეს არის განვითარების ვექტორი.
ვერ ვიტყვი, რომ დღეს ძალიან პასიურია ეს აქტივობა. არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილზე ძალიან ბევრ საკითხს აყენებენ, მიმდინარეობს ადვოკატირების პროცესი, სურთ ცვლილებები, მაგრამ საბოლოოდ, ეს ჩვევად რომ გადაიქცეს და სპონტანური ხასიათი არ ჰქონდეს, ამას სჭირდება ხელისუფლების ნება, რომ მას ნამდვილად სჭირდება მოსახლეობის მოსაზრებები, დაანახოს ადგილობრივ მოსახლეობას, თუ რამხელა სარგებელია აქედან ქვეყნისთვის.
როცა ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს ეუბნება, რომ მისი რესურსი მწირია და საჭიროა ერთად მოიფიქრონ, თუ როგორ გადაწყვიტონ ესა თუ ის პრობლემა ერთმანეთის დახმარებით, ამ დროს მოსახლეობის ინფორმირებაც ხდება და პასუხისმგებლობის გადანაწილებაც. ეს პროცესი ისევ და ისევ ხელისუფლების პოზიციების გამყარებისთვის არის ძალიან კარგი", _ ამბობს სოფრომაძე.
გარდა ამისა, სოფრომაძე ამბობს, რომ სოფლის კრებების შეკრების პროცედურები, რომელიც კანონშია გაწერილი, საკმაოდ რთულია, თუმცა, მოსახლეობის მონდომების შედეგად, გახორციელება შეუძლებელი არ არის:
"თუ კოდექსის იმ თავს ჩავხედავთ, სადაც სოფლის კრებების შეკრებაზეა საუბარი, ნახავთ, რაოდენ რთულია ამის გახორციელება: ჯერ იქმნება საინიციატივო ჯგუფი, შემდეგ ეს ჯგუფი მიდის გამგეობაში, უნდა დაარეგისტრიროს კრების მოწვევა, ასევე ის საკითხებიც, რასაც კრება განიხილავს; შემდეგ უნდა მოხდეს ხელმოწერების შეგროვება და წარდგენა გამგეობაში. კრება ლეგიტიმური რომ იყოს, ამომრჩეველთა 20% უნდა ესწრებოდეს... ჯერჯერობით, არის მცდელობა, რომ სოფლის კრებები იქ ჩატარდეს, სადაც სათემო ან არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან ამ პროცესს.
გარდა ამისა, პროცედურულადაც ბევრი კითხვა ჩნდება; მაგალითად, სოფლის რამდენიმე საერთო კრების ჩატარება როდის ხდება _ როცა ამომრჩეველთა ერთ 20%-ს ეს საკითხი აინტერესებს, დანარჩენ 20%-ს კი სხვა?!
ყველაფრის კანონში გაწერაც არ არის გამოსავალი; თუ უნდა სოფელს ინიციატივა დააყენოს, ამის უფლება აქვს საინიციატივო ჯგუფსაც და ნებისმიერ მოქალაქესაც.
ამიტომ, პროცესი მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რესურსი _ დროითი, მატერიალური, ადამიანური _ შეზღუდულია", _ აღნიშნავს სოფრომაძე და დასძენს, რომ დღეს ნამდვილად არის მზაობა ხელისუფლების მხრიდან, მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთოს.
ცნობისთვის: კანონის მიღებიდან 7 თვის თავზე, არც ერთი სოფლის მოსახლეობას შეკრების და საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის პროცესში ჩართვის სურვილი არ გამოუთქვამს, თუმცა, 15 მარტიდან, კრებები საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე აქტიურად იკრიბება.
სტატია მომზადებულია პროექტის _
"თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვის მხარდაჭერა".
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველო".
შინაარსზე პასუხისმგებელია "საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი".
ავტორი: ნიუპრესი