|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მმართველი პარტიის ქუთაისის ორგანიზაციას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ

ქუთაისის მერის 13 ივნისის ბრძანებით, 2016 წლის არჩევნებისთვის სააგიტაციო პლაკატების გასაკრავად 13 სტენდი გამოიყო. სტენდები წლების წინ განთავსდა ქალაქში,  წელს მათ მხოლოდ ორი დაემატა. აგიტაციის ჩასატარებლად კი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს  ახალგაზრდობის პარკი და ხარაზოვის ბაღში არსებული შენობა დაეთმოთ.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პლაკატების გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზე, აგრეთვე  გარეგანათების ბოძებზე.

  

 

მერიის ამავე ბრძანების თანახმად, ყველა პოლიტიკური პარტია, ან მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც დაარღვევენ კანონს, დაჯარიმდებიან. თუმცა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება საარჩევნო კანონმდებლობის ნებსით თუ უნებლიედ დარღვევის ფაქტები. ქალაქის ქუჩებში არსებული ყველა კედელი, გარეგანათების ბოძი და სტენდი, ათვისებულია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ. ქალაქი ცხოვრობს საარჩევნო რეჟიმში- პოლიტიკური პარტიები საარჩევნო მარათონსა და ერთმანეთთან ბრძოლაში.

გამომდინარე იქედან, რომ „ქართული ოცნება“ მმართველ გუნდს წარმოადგენს ოპონენტების ბრალდებების უმეტესი წილი სწორედ მათ მიმართაა. მმართველ პარტიას ქცევას უწუნებს „პატრიოტთა ალიანსი”.  „გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 49–ოლქში, გოგი წულაია „ქართულ ოცნებას“  კანონდარღვევაში ადანაშაულებს, რაც სააგიტაციო მასალების აკრძალულ ადგილებზე გაკვრას გულისხმობს. წულაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იკრძალება გარეგანათების ბოძებზე სააგიტაციო პლაკატების გაკვრა, პოლიტიკური პარტიები კანონს მაინც არღვევენ. წულაიას მტკიცებით, პირველად კანონი მმართველმა გუნდმა დაარღვია. „ქართული ოცნების“ კანდიდატები არაფრად დაგიდევენ კანონს და ქალაქში გარეგანათების ბოძებზე აკრავენ თავიანთ პლაკატებს, რაც არის დარღვევა, მაგრამ მერიას რეაგირება არ მოუხდენია. გია თევდორაძის მიერ დაწერილი ბრძანებით მოქმედებენ“, – განაცხადა წულაიამ.

მან მომხდარში მერია დაადანაშაულა, რადგან ქალაქში განთავსებული სააგიტაციო მასალის კონტოლი მას ევალება, წულაიამ მერია „გამოიწვია“ და საკუთარი სააგიტაციო პლაკატები მერიის შესასვლელში გააკრა. „მერია არის უნიათო და ვერ ახერხებს საკუთარი ბრძანების შესრულებას. ზედამხედველობის სამსახური, როგორც ჩანს, ვერ ამჩნევს ქალაქში გარეგანათების ბოძებზე გაკრულ პლაკატებს და ვერ ცნობს მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ამიტომ მეც დავარღვევ კანონს, ჩემს პლაკატებს გავაკრავ მერიის შესასვლელში და აბა, გაბედონ და დამაჯარიმონ“,–აღნიშნა წულაიამ. თუმცა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დანაშაული მერიის კედლებს ვერ გასცდა და სასამართლომდე ვერ მივიდა, რადგან მერიის დაცვამ წულაიას პლაკატების გაკვრისთანავე ჩამოხია.

თვითმმართველობამაც წულაიას სწრაფად უპასუხა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ყველა კანონდამრღვევი, ვინც სააგიტაციო პლაკატებს აკრძალულ ადგილზე გააკრავს,  დაჯარიმდება. „მზადდება გაფრთხილება, რომელიც გადაეგზავნება ყველა პარტიას. თუ მათ 5 დღის განმავლობაში არ მოახდინეს რეაგირება და პლაკატები არ ჩამოხსნეს, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ მათ დაჯარიმებას, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს“,- განაცხადა მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ბაქარ ჭეიშვილმა. ხუთდღიანი ვადა  კვირის ბოლოს იწურება, მიუხედავად მერიის გაფრთხილებისა, არცერთ პოლიტიკურ პარტიას პლაკატების ჩამოხსნა არ დაუწყია. სავარაუდო მიზეზი, ის მცირე საჯარიმო თანხაა, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. კანონდამრღვევი მხოლოდ 50 ლარით ჯარიმდება.

პოლიტიკური პარტია „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოთვის“ მმართველ პარტიას კიდევ ერთ კანონდარღვევაში ადანაშაულებს. პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი #48-ე საარჩევნო ოლქში ნუგზარ უგლავა.  „ქართულ ოცნებას“  მისი პლაკატების გადაფარვაში ადანაშაულებს. „ჩვენ მხოლოდ რამდენიმე დღეა დავიწყეთ პლაკატების გაკვრა, რომელიც ჩვენი რეკლამის ერთადერთი საშულებაა. მასაც მცირე ოდენობით ვაკრავთ სტენდებზე. ერთ-ერთი სტენდი, რომელიც მერიამ გამოგვიყო, ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე მდებარეობს. ჩვენს მიერ კანონის დაცვით განთავსდა ოთხი პლაკატი, მაგრამ დღის მეორე ნახევარში  ჩემი პლაკატები უკვე გადაფარული იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დიმიტრი მხეიძის პლაკატებით, რაც არის კანონდარღვევა“,-განაცხადა ნუგზარ უგლავამ. მისი თქმით, პლაკატები ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გააკრეს, თუმცა თვლის, რომ ახალგაზრდები ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ. ბრალდებას არ ადასტურებენ „ქართული ოცნების“ახალგაზრდულ ორგანიზაციაში. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ოთარ ლორთქიფანიძის განცხადებით, მათი აქტივისტები ოპონენტების სააგიტაციო მასალებს არ აზიანებენ და მათ არც ამის დავალება მიუღიათ. რაც შეეხება თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, დიმიტრი მხეიძეს, მის შტაბში განამრტავენ, რომ გამოთქმული ბრალდება მათთვისაც მოულოდნელი იყო. პრესსასახურის წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი მითითება საკუთარი აქტივისტებისთვის არ მიუციათ. კანონი პარტიებს არჩევნების დასრულების შემდეგაც ავალდებულებს საკუთარი სააგიტაციო პლაკატების ჩამოხსნას. ამ შემთხვევაშიც ჯარიმაა გათვალისწინებული. თუმცა, ამ დრომდე   რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაჯარიმების პრეცენტენტი არ ფიქსირდება და ქალაქს არჩევნებიდან არჩევნებამდე „საარჩევნო ნარჩენებში“  უწევს ცხოვრება. 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. 

  ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია  საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა