|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური საცხოვრისი - ავარიული შენობა თუ ბინადართა დაუდევრობა?[PHOTO/VIDEO]

ქუთაისში გასულ წელს რეაბილიტირებული სოციალური საცხოვრისის თემა ბოლო დროს თითქმის ყველა მედია საშუალებამ გააშუქა. 

საცხოვრისის ბინადრები პრობლემებზე საუბრობენ და შენობიდან გასახლებას, ან მდგომარეობის გამოსწორებას ითხოვენ. 

 

ბინადრების განცხადებით,  შენობაში არ არსებობს საყრდენი კედლები, არ არის მყარი საძირკველი, რის გამოც მათ ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ უწევთ ყოფნა. ორი დღის წინ ორ ოთახში ჭერი ჩამოვარდა. 

„გადმოსვლიდან რვა თვეში გამოჩნდა ხარვეზები. არ არსებობს საძირკველი, აგურის ბოძებზეა შენობა, არ არის საყრდენი კედლები, თაბაშირი მუყაოს კედლებია მოწყობილი. დაზიანებულია ჭერი, ფანჯრები, იატაკი, არ შეიძლება აქ ყოფნა. თუ ასე უნდა ვყოფილიყავით, არ შემოვეშვით საერთოდ. ქირით ვცხოვრობდით და უკეთესად ვიყავით, რვა სული ვცხოვრობთ ორ ოთახში, ბავშვები გვყავს და მეშინია, არ შეიძლება აქ გაჩერება. აბაზანაში ჭერი ჩამოინგრა, ბავშვი იყო შიგ და ბედად გადარჩა, საერთოდ არაა გამაგრებული კედლები, ყველა ბინადარი საფრთხის ქვეშაა. მოშლილია ინფრასტრუქტურა",–განაცხადა ირინდა ნემსიწვეირძემ.

აბაზანაში ჭერი მეხუთე სართულზე კიდევ ერთი ბინაში ჩამოვარდა. შენობაში მცხოვრებლები ადგილობრივ მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ჭერის  ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, მათთან არავინ მისულა.

„მათ ჰგონიათ, აქ ბომჟები შემოვედით, ვერაფერს ვხედავთ და არაფერი გვესმის. აქ ცხოვრებას ისევ ქირით ცხოვრება გვირჩევნია. იატაკი პირდაპირ ნაგავზეა მოწყობილი, ნესტმა დააზიანა კედლები, ფანჯრები თაბაშირმუყაოს კედლებზეა მოწყობილი, ისიც ისეთ სიმაღლეზეა, ვერ ვწვდებით. მეშინია ქარის, მთელი შენობა ირყევა. კიბეებიც არასტანდართულია, ავეჯი ვერ ამოვიტანეთ. მთავრობიდან არავინ მოდის, არ აინტერესებთ. თუ ასე უნდა გვეცხოვრა,  საერთო რას გვიშვებდნენ აქ? თუ არ მოგვაქცევენ ყურდღებას, წავუკიდებთ ცეცხლს აქაურობას, მაინც არ ვარგა შენობა“, –განაცხადეს ბინადრებმა.

მათი თქმით, შენობაში არსებული ლიფტი ავარიულია, რადგან არასწორადაა დამოტაჟებული.  როგორც ამბობენ,  მერიამ ისინი გაფრთხილა, ლიფტით არ ისარგებლონ.  შენობში შშმ პირებიც ცხოვროებენ და მათ გადაადილება უჭირთ.

შენობაში შეყვანილია ბუნებრივი აირი, თუმცა ის არასწორი დამონტაჟების გამო ბინადრებს არ მიეწოდებათ, მეტიც, ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთ ოთახში ონკანზე დენი გადადის, რის გამოც წყლის აღება ვერ ხერხდება.

სოციალური საცხოვრისი, ნიკეაზე მერიის ინიციატივით გასულ წელს მოეწყო. მერიამ ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი გამოყო. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. სამუშაოები შპს „სანომ“ შეასრულა. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ბინადართა შესახლება ოქტომბერში მოხდა. შენობაში 80–მდე ოჯახი შესახლდა, რომლებიც პრიორიტეტების მიხედვით სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, აქცენტი მრავალშვილიან ოჯახებზე, შშმ პირებსა და მარტოხელებზე გაკეთდა, რომელთაც სხვა საცხოვრისი არ ქონდათ.

პროექტს უპრეცედენტოდ აფასებდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რომელიც აცხადებდა, რომ  საარჩევნოდ გაცემული ერთ–ერთი მთავარი დაპირება შესრულდა.

მერიამ შენობა ექსპლუატაციაში მიიღო, თუმცა შემსრულებელ კომპანიას  თანხა სრულად არ გადაუხადა, რათა  ვადის გასვლამდე პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიას მათი აღმოფხვრა მოეხდინა. მერიას კომპანიისთვის 500 000 ლარზე მეტი აქვს გადასახდელი.  შპს „სანომ“ რამდენჯერმე მოახდინა რეაბილიტაცია, თუმცა ბინადართა განცხადებით, პრობლემა მოგვარებიდან მალევე იჩენს თავს.

ბინადრებმა მერიასთან აქცია არაერთხელ გამართეს და შენობიდან გაყვანა მოითხოვეს.

მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის განცხადებით, შენობაში პრობლემები ნამდვილად არის, თუმცა ბენეფიცირთა შეფასებები საყრდენი კედლის არარსებობის შესახებ, გაზვიადებულია.  მისი განცხადებით, საკითხზე მუშაობა კომისიამ დაიწყო, რომლის გადაწყვეტილებითაც, შენობის მდგრადობის და შესრულებული სამუშაოების ხარისხს ექსპერტიზა შეისწავლის.

„პრობლემები არის და მიმდინარეობს შესწავლა, თუმცა განცხადება, რომ შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია, არასწორია. როგორ შეიძლება, შენობას საყრდენი კედელი აქ ქონდეს? უბრალოდ,  არის გარკვეული პრობლემები და მათი შემოწმება მოხდება. კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები და ახლა მოითხოვს დაკავებული თანხის გადახდას, ჩვენ ამ თანხას არ გადავიხდით, თუ არ მოხდა ხარვეზების გამოსწორება“, –აცხადებს ჯონი არაბიძე. 

მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ასევე აცხადებს, რომ  შესაძლოა, მოხდეს ხელშეკრულების შესწავლაც, რადგან მისი თქმით, ჩნდება კითხვის ნიშნები წინა ხელმძღვანელობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებითაც. არაბიძის თქმით, ის პასუხისმგებლობას გარკვეული დოზით გრძნობს, თუმცა ამბობს, რომ თავად არცერთ საკითხში არ იყო ჩართული.  

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით,  შესრულებული სამუშაოების ხარისხს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის. ექსპერტიზა ასევე დაადგენს სოციალური საცხოვრისის საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობასა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ სავალდებულო პირობებს. 

ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებამდე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს შპს "სანოს" დირექტორი ლევან ჭანტურია.  მისი განცხადებით, გუშინაც იყო ადგილზე მისული მოინახულა დაზარალებული ბინადრები.

"გუშინაც ვიყავი, ვნახე, მაგრამ მირჩევნია დასკვნის დადებამდე არაფერი ვთქვა, ჯობია გამოვლინდეს უხარისხოდაა შესრულებული სამუშაოები, თუ დაუდევრობასთან გვაქვს საქმე. ზოგიერთ ადგილზე გამოჩნდა, რომ მათ მიერ არის დაზიანებული, იგივე ჭერის ჩამოვარდნა,  ერთგან გამოჩნდა, რომ ჩარევა მოხდა ბინადართა მიერ, რამაც დააზიანა ჭერი, რაც შეეხება საყრდენ კედლებს, როგორ შეიძლება საყრდენი კედლის გარეშე იყოს შენობა? ამიტომ დაველოდოთ დასკვნას, თუ ჩვენი ბრალეულობა გამოვლინდა, რა თქმა უნდა, შევაკეთებთ,  ახლაც მოხდა ჩვენს მიერ დაზიანებების აღმოფხვრა, ამიტომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და მოვახდინოთ შეკეთება", –განაცხადა ლევან ჭანტურიამ.

  საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გაურბის ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია. მისი თქმით, მერიას კომპანიისათვის 550 000 ლარი აქვს გადასარიცხი. "თანხის გადახდა 2018 წლის ბიუჯეტიდან უნდა მომხდარიყო, ის იმისათვის იყო გათვალისწინებული თუ რაიმე დარღვევა დაფიქსირდებოდა, კომპანიას უნდა მოეხდინა შეკეთება"- აცხადებს შოთა მურღულია.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა