მოდელი ბიჭი ქუთაისიდან
აგვისტოში, თბილისში, საგამოფენო ცენტრის მე-3 პავილიონში სამოდელო სააგენტო ”IC Model Management”-ის მიერ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის ”Elite Model Look Georgia 2015”- ის ფინალური ღონისძიება გაიმართა. ქუთაისელი დამწყები მოდელი ირაკლი ღვინიანიძე ტოპ სამეულში მოხვდა.
ირაკლი „ნიუპრესის“ სტუმარია.
- გვიამბე, როგორ მოხვდი ”Elite Model Look Georgia 2015“-ის კონკურსზე?
- კონკურსში მონაწილეობა ახლობლების დაჟინებული თხოვნით მივიღე. ჩატარდა კასტინგი, სადაც ჩვეულებრივად, ძალიან უბრალოდ მივედი. ასეც იყო გამოცხადებული, რომ უნდა მისულიყავი უბრალოდ, მაკიაჟის და ზედმეტი გალამაზების გარეშე. უამრავი მსურველი იყო და სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, თუ ამირჩევდნენ. მითხრეს, რომ გადასული ვიყავი მომდევნო ეტაპზე. მომდევნო ტურში 50-მდე ბიჭი გადავიდა და უფრო მეტი გოგო. სხვათაშორის, ვაპირებდი, დამენებებინა თავი, რადგან 50 ბიჭიდან 10 უნდა შეერჩიათ და ვფიქრობდი, რომ ვერ მოვხვდებოდი ათეულში. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჩათვალეს, რომ ათეულში იყო ჩემი ადგილი. დღეს 3 წლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული.
- როგორ ემზადებოდით კონკურსისთვის?
- გვქონდა დატვირთული ვარჯიშები. ვსწავლობდით სიარულს, მანერებს, ფოტოგადაღებები გვქონდა, ტრენაჟორებზე ვვარჯიშობდით, რომ ფორმაში ვყოფილიყავით. ზოგს წონაში დაკლება მოუწია, ზოგს მომატება, ზოგს იმიჯის რადიკალურად შეცვლა.
- მოხვდით საუკეთესო სამეულში, როგორი იყო თქვენი ემოცია?
- თავიდანვე აღვნიშნე, რომ არ მეგონა თუ ამირჩევდნენ, არა იმიტომ რომ ცუდად გამოვიყურებოდი, არამედ კონკურენციას ვხედავდი. ფინალის დღე ძალიან ამაღლევებელი იყო. ყველა დაბნეული იყო. შერჩევაში ჟიურის უცხოელი წევრი მონაწილეობდა. გამარჯვებული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო „Elite Model Look“-ის წარმომადგენელმა „Elit Londonidan“ მარტინა კობესოვამ გამოავლინა.
დასახელდა გოგონების ტოპ ხუთეული. ბიჭებიდან გაუმარჯვა გახდა ლუკა ჯაჯვანმა. ტოპ სამეულში მოვხვდით გამარჯვებული ლუკა ჯაჯვანი, ლუკა თიგიშვილი და მე. ეს, რა თქმა უნდა, იყო ძალიან სასიხარულო და ამაღელვებლი.
- რას აკეთებთ ახლა, როგორც ვიცი, მუშაობთ.
- ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი ვარ და ხალხს სხვადასხვა პროდუქციას ვთავაზობთ. ეს არის შემოსავლის წყარო. კარგი პირობები გვაქვს, თუ დამჭირდება ფოტოსესიებზე გამგზავრება, ან რაიმე პროექტში მონაწილეობა, ხელს არ მიშლიან. ვახერხებ, ვიყო მოდელი. ჯერ არ დაგვკავშირებიან კონკრეტული შემოთავაზებით, მაგრამ როცა საჭირო ვიქნებით, დაგვიძახებენ. სამწლიანი კონტრაქტი, რომელიც გვაქვს გაფორმებული, სამომავლოდ ჩვენს სხვადასხვა ჩვენებებში მონაწილეობის გულისხმობს.
- როგორია რეაქცია საზოგადოებისგან მამაკაც მოდელზე?
- ვფიქრობ, მამაკაცი მოდელების სფერო საქართველოში არც თუ ისე განვითარებულია, მოთხოვნაც არ არის. არებობს და არსებობდა სტერეოტიპი, რომ საქართველოში კაცი მოდელი არ უნდა იყოს. ისევე როგორც, ჯერ კიდევ საუბრობენ იმაზე, თუ გოგო პოდიუმზე გამოდის „უწესოა“. ბიჭი თუ მოდელია, ეჭვის ქვეშ აყენებენ მის სექსუალურ ორიენტაციას. არადა, ასე არ არის. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს არავისთან, მაგრამ ხანდახან მიწევს საკუთარი ორიენტაციის შესახებ განმარტების გაკეთება. სფეროს სჭირდება განვითრება. ნებისმიერი სფერო რომ ავიღოთ, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა. ესეც ისეთივე საქმეა, როგორც სხვა დანარჩენი.
- როგორია შენი სამომავლო გეგმები?
- მინდა საზღვარგარეთ წავიდე და ჩემი კარიერა ავაწყო. როგორც ავღნიშნე, თუ ამ სფეროს გაყვები, საქართველოში ნაკლები შანსია, რაიმეს მიაღწიო. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც უცხოელები არიან და აქ მუშაობენ. პირიქით, ამაში არაფერია ცუდი. სურვილი მაქვს ევროპის რომელიმე წარმატებულ ქვეყანაში ვიმუშაო. მესმის, რომ თავის დამკვიდრება უცხო ქვეყანაში ძალიან რთულია, ვნახოთ შევძლებ თუ არა ჩემი ოცნების ახდენას.
ავტორი: ანა ჯიქია