მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს - გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, გუშინდელ მოვლენებს აფასებს, როგორც ოპოზიციის მოწოდებას დაუმორჩილებლობისაკენ და ცესკოს შტურმით აღების მცდელობას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა და, რაც მთავარია, პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს ფაქტობრივად დგას ეს ქვეყანა. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს და ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ამოცანა - სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი", - განაცხადა გახარიამ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, ამ ყველაფერს ისე მოერიოს, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდოს.
„რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ნიუპრესი