"მოსახლეობის ნაკადი, რომელიც დღეს მოვიდა ქუთაისის მერიასთან, იყო ძალიან დიდი" -ზვიად შალამბერიძე
მოსახლეობის ნაკადი, რომელიც დღეს მოვიდა ქუთაისის მერიასთან, იყო ძალიან დიდი -განაცხადა იმერეთის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ. ამგვარად რწმუნებული ქუთაისის მერიასთან დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
შალამბერიძის განცხადებით, მერიის შენობასთან სოციალური დისტანცია რამდენჯერმე დაირღვა, რასაც "არამიზნობრივად" მოსული ადამიანთა დიდი რაოდენობით ხსნის.
მისი განმარტებით, საშვების მიღება მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, ვისაც სასოფლო- სამეურნეო სამუშაოები აქვს ჩასატარებელი.
"მოსახლეობის ნაკადი, რაც დღეს მოვიდა მერიასთან იყო ძალიან დიდი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მხოლოდ იმ აუცილებლობოსთვის მივიდნენ, რა აუცილებლობაზეც გაცემულია სახელმწიფოს მიერ ნებართვა. საშვების გაცემაზე მუშაობდა ბევრი ადამიანი, მაგრამ კრიტიკული თვალით გვიწევს თითოეული განაცხადის განხილვა. საშვი გაიცემა ინდივიდუალურად, ვისაც რა ვადით ჭირდება", -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, ხვალიდან განახლდება საშვების გაცემა, დღეს კი მერიასთან მისული მოქალაქეებიდან საშვი დაახლოებით 70 პროცენტზე გაიცა.
ავტორი: ნიუპრესი