|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოსმენების" რეფორმა სახელმწიფოს 30 მილიონი უჯდება

ე.წ. მოსმენების კანონის მიღების შემთხვევაში, რომელსაც  საქართველოს პარლამენტში განიხილავენ, არასამთავრობო სექტორი ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საპარლამენტო მდივანმა  ლიკა საჯაიამ დღეს  ქუთაისში არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

"კანონში ცვლილებები, რომლის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს, და სავარაუდოდ, უმრავლესობა შეძლებს მის მიღებას, ცხადია, არ არის  შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. როცა ქვეყანაში არ სცემენ პატივს კონსტიტუციას, იქ არ შეიძლება უსაფრთოებაზე ვისაუბროთ" ,-განაცხადა ლიკა ქაჯაიამ. 

მისი თქმით, კანონის მიღების შემდეგ რჩება გზა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართონ ევროპულ სასამართლოს და უკვე იქ გადაწყვიტონ, ეს სისტემა რამდენად იცავს ევროკონვენციით აღიარებულ „პირადი ცხოვრების უფლებას“. ლიკა საჯაიას თქმით, ორგანიზაცია სავარაუდოდ ამ გზას აირჩევს, რადგან განმეორებით საკონსტიუციო სასამართლოს მიმართვის შემთხვევაში, სავარაუდოდ, პარლამენტი მას ისევ არ გაითვალოსწინებს. 

"მსგავსი  სისტემა,  რომელი მოქმედებს ჩვენთან და რომელსაც  დღეს კიდევ აკანონებს პარლამენტი,  ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს. ეს არის მოსმენების სისტემა, რომელიც არის საბჭოთა გადმონაშთი და მოქმედებს რიგ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. კანონი აუარესებს მდგომარეობას არსებულთან შედარებით. თუ დღეს ერთი დეპარტამენტი ახორციელებს მოსმენებს ტექნიკურად, კანონპროექრის მიხედვით,  ამ სააგენტოს უნდა ქონდეს სტრუქტურული ქვედანაყოფები. რაც უფრო მეტი ადგილიდან იქნება შესაძლებელი მოსმენების გახორციელება, მით უფრო იზრდება რისკი, რომ ვინმე ამას ბოროტად გამოიყენებს. ძალიან სამწუხაროა, რომ 30 მილიონი უჯდება სახელმწიფოს ეს ცვლილება, რომელსაც რეფორმას ვერ დაარქმევ"-განაცხადა საჯაიამ.

მისი თქმით, 2013 წელს შეეძლოთ 20 ათასი ადამიანის მოსმენა. ტექნიკა ყოველწლიურად უმჯობესდება. საკითხავია,  რაში სჭირდება ქვეყანას ასეთი ტოტალური მოსმენების განხორციელება? - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ,  საკანონმდებლო პაკეტის მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ იქმნება სპეციალური სამსახური - საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი უწყება იქნება. ფასრული-მოსმენა მიყურადების განხორციელების უფლებამოსილება სწორედ სააგენტოს ექნება. 

ავტორი: ირინა მაკარიძე