მრავალჯერადი რეაბილიტაცია და "ხარაზოვის ბაღის" დაუსრულებელი პრობლემები
ქუთაისში, "ხარაზოვის ბაღის" მდგომარეობით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაინტერესდა. მაია ცქიტიშვილი ბაღში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და განაცხადა, რომ ბაღი ნამდვილად საჭიროებს მოწესრიგებას. მინისტრმა განმარტა, რომ მერიასთან ერთად ხარაზოვის ბაღის საკითხის მოგვარებაში სამინისტრო ჩაერთვება.
„მოსაწესრიგებელია შადრევანი, რაზედაც მერია მუშაობს. ქონდათ გამოცხადებული ტენდერი პროექტირებაზე, რომელიც ჩავარდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მერიას, ასევე აქვს დანახული პრობლემა და დასახული აქვს გეგმები, მისი მოწესრიგების საკითხში სამინსიტროც ჩაერთვება“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაღის მოუწესრიგებლობის გამო მინისტრმა თვითმმართველობის მისამართით შენიშვნა გამოთქვა. ქალაქის მერმა კი თავის მხრივ, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს უსაყვედურა. ინფორმაციას დაპირისპირების შესახებ არ ადასტურებენ მერიაში და ასევე უარყოფს ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჯიშკარიანი. მისი თქმით, მერმა ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო მხოლოდ შენიშვნა გამოთქვა.
„ტყუილია ყველა ინფორმაცია. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. პირიქით, დაინტერესდნენ ბაღის მდგომარეობით. მას შემდეგ, რაც აუზში ჩავარდნილი რკინის კონსტრუქცია ნახეს. მერმა შენიშვნა გამოთქვა, რატომ არ ვაცნობეთ ამის შესახებ. არადა, ჩვენ დილით დავურეკეთ შესაბამის სამსახურს და ვუთხარით, რომ აუზის მიმდებარედ არსებული რკინის კონსტრუქცია ქარის გამო აუზში ჩაიყარა. მათ მოსვლამდე მოვიდა მინისტრი და ამას მოყვა მცირედი გაუგებრობა. მე ვუთხარი მერს, რომ არ მეხება ბაღის მოვლა-პატრონობა და რომ პასუხისმგებლები ვართ მხოლოდ კულტურის ცენტრზე. ეს იყო და ეს, არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა და არც ისაა მართალი, თითქოს, სამსახურიდან მიშვებენ“-განაცხადა დავით ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, არც ის შეესაბამება სიმართლეს, თითქოს შენობა ამორტიზებული და უფუნქციოა. დავით ჯიშკარიანის განცხადებით, არის ხარვეზები, რომელთა მოწესრიგებასაც მერია დაპირდა.
„შენობის გვერდით იყო სხვა შენობა, რომელიც დაინგრა, ამის გამო კუთხეში დგება წყალი და ეს არის პრობლემა. რაც შეეხება მის უფუნქციობას სიმართლე არაა, შენობა მოწესრიგებულია და სერიოზული პრობლემა მუშაობის მხრივ არაა. შენობის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო, პროექტი იყო არაჩვეულებრივი, მაგრამ, როგორც ვიცი, თანხები არ იყო საკმარისი და ამიტომ, ვერ მოხდა ყველაფრის მოწესრიგება. შენობაში მუშაობა შეუძლებელი ნამდვილად არ არის და პირიქით, ახალი სეზონისთვის ვემზადებით“-აცხადებს დავით ჯიშკარიანი.
ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაციაზე საუბარი 2012 წელს დაიწყო. თეატრის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 600 000 ლარი გამოყო. შენობის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. ამასთან 128 ათასი ლარი “ხარაზოვის ბაღის” კეთილმოწყობისთვის ქუთაისის ბიუჯეტში 2013 წელსაც განისაზღვრა.
2017 წელს კვლავ გამოცხადდა ტენდერი ბაღის რეკონსტრუქციაზე, ამჯერად მერიამ ტერიტორიის განახლებისთვის 473 123 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. 419 990 ლარად შპს „გი-ან 2011“-მა გაიმარჯვა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სკვერის ტერიტორიის შემოღობვა და შადრევნის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა.
აღსანიშნავია, რომ შპს „გი ან 2011“ საკრებულოს წევრის ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანიაა. მან აღნიშნულ ტენდერში ოთხ კომპანიას მოუგო.
კომპანიის ხელმძღვანელი გია კოპალეიშვილი ადასტურებს, რომ მან ნამდვილად გაიმარჯვა ტენდერში, თუმცა განმარტავს, რომ მხოლოდ შემოღობვის სამუშაოები შესრულდა, რადგან მოგვიანებით მერიამ შადრევნის პროექტის შეცვლა მოინდომა, რის გამოც აღნიშნული სამუშაოები ვერ მოესწრო.
„მხოლოდ შემოღობვის სამუშაოები შევასრულეთ, რადგან ტენდერის დასრულების შემდგომ მერიამ მოინდომა თანამედროვე ტიპის შადრევნის მოწყობა, რაზეც პროექტი ვერ მოესწრო, ასევე გასათვალისწინებელი იყო სანიაღვრე არხები, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შექმნოდა. გადაწყდა, რომ ეს სამუშაოები მოგვიანებით გაკეთდებოდა და მხოლოდ შემოღობვას გავაკეთებდით“-განაცხადა გია კოპალიეშვილმა. მის თქმით, სამუშაოებში 419 990 ლარის ნაცვლად, მათ მხოლოდ 125 000 ლარი მიიღეს.
რადგან შადრევანში წყლის გადინება არ ხდება აღნიშნული შადრევანი ამ დროისთვის უფუნქციოა, რის გამოც ხშირად არის დაბინძურებული.
პრობლემის მოსაგვარებლად მერიამ ტენდერი წელსაც გამოაცხადა. პროექტირებაზე გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 500 ლარს შეადგენდა. ტენდერი არ შედგა, განმეორებით მერიამ 8 000 ლარი გამოყო. გამარჯვებულ კომპანიას საბუთების მოუწესრიგებლობის გამო დისკვალიფიკაცია მიეცა. კომპანია ტერიტორიაზე სანათებსდაამონტაჟებდა, ე. წ. მომღერალ შადრევანს მოაწყობდა.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილ მირზა ხიდაშელი განმარტავს, რომ ტენდერით მოხდება პროექტის შეძენა, რის შემდეგაც სამუშაოები უშუალოდ შადრევნის მოსაწყობად გამოცხადდება, მისი თქმით, ადგილზე მოეწყობა მშრალი შადრევანი, რომელზეც შესაძლებელი იქნება გადაადგილება.
"ჯერჯერობით პროექტირებაზე დაინტერესებული კომპანია არ გამოვლენილა, გამოცხადებული იყო ტენდერი და არ შედგა. რაც შეეხება სამუშაოებს მოეწყობა მშრალი შადრევანი, რომელიც დაიცავს ბაღში მყოფ ბავშვებს რაიმე სახის დაზიანებისგან, ასევე მოხდება გაფორმება და იქნება მუსიკალური"-განაცხადა მირზა ხიდაშელმა. მან ასევე ისაუბრა კულტურის ცენტრის მდგომარეობაზე და განმარტა, რომ შენობაში რაიმე სახის სამუშაოების საჭიროების არსებობაზე მათთან წერილობით ინფორმაცია არ შესულა და შესაბამისად, შენობის რეაბილიტაცია არ არის გათვალისწინებული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი