|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მთავარია, სია შეჩერდა და იგი ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ"- ეკა ბესელია

ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეულია - განაცხადა  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ეკა ბესელიამ. მან  ჟურნალისტებთან უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხებზე, პარლამენტში წარმოდგენილ მოსამართლეთა სიაზე და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ პროცესებზე ისაუბრა. 

„ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეული. ეს არის პირველი ეტაპის ამოცანა, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ იუსტიციისუმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია, წლის ბოლო კვირას, არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე, არ მომხდარიყო ამ სიის წარდგენა სესიაზე, შეჩერებულიყო ამ საკითხის განხილვა და კანონში ცვლილებების მომზადებაზე მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, ვინ შეიძლება დასახელდეს ასეთ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა. ეს მიზანი მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე და ვფიქრობ, ამად ღირდა ყველაფერი. ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი სასამართლოს განხორციელება ქვეყანაში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

პარლამენტის წევრი მოსამართლეთა კანდიდატების განხილვის პროცესის შეჩერებას მიესალმა და შემდგომი პროცესების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„მთავარია, რომ ამ ეტაპზე სია შეჩერდა და იგი ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების მომზადება, თუმცა პროცესი არ დასრულებულა და ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი. ამ პროცესში ჩემთვის,  ჩემი თანამოაზრეებისთვის და კოლეგებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო მიზანი შესრულდეს - სამართლიანი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დავუტოვოთ ამ ქვეყანას და ჩვენს მომავალს, რომ შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნება წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შორის ის მოსამართლე ან ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ქმნიდნენ ამ სასტიკ რეჟიმს და იყვნენ მისი მსახურნი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

პარლამენტის წევრმა მის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი და კანონში შესატანი ცვლილებები წარმოადგენს. 

„პირადად ჩემთვის უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან. მე გავაგრძელებ ბრძოლას თანამოაზრეებთან ერთად იმისთვის, რომ მაშინ, როცა არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენს ქვეყანას დავუტოვოთ გამართული მართლმსაჯულება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა