მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 2022 წლამდე უგრძელდება
კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შემზღუდავი ღონისძიებების გასატარებლად, მთავრობას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდება.
“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს 21 ივნისს, პარლამენტის ორი კომიტეტი - ადამიანის უფლებათა დაცვის და ჯანდაცვის კომიტეტები განიხილავს.
აღნიშნულ კანონში ცვლილება თავდაპირველად 2020 წლის 22 მაისს შევიდა, როცა მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესები და ღონისძიებები დაედგინათ. თავდაპირველად ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა, რომელიც 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდა, ხოლო შემდგომ 2021 წლის 1-ელ ივლისამდე. აღნიშული კი გულისხმობს, რომ 2021 წლის 1-ელ ივლისიდან აღარ იმოქმედებს პანდემიით გამოწვეული ვითარებისთვის დადგენილი დროებითი ნორმები.
ავტორი: ნიუპრესი