მხიარული ადამიანები სევდიანი თვალებით [PHOTO]
8 აპრილს ბოშათა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს ქუთაისიც უერთდება. გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ღონისძიებას თითქმის ყველა დაესწრო, გარდა ბოშებისა.
როდესაც ამ დღის აღნიშვნის შესახებ პირველად გავიგე, ჩავთვალე, რომ ბოშებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებული პრობლემები თუ არ მოგვარდა, რაღაც უკეთესობისკენ მაინც შეიცვალა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ღონისძიებას მხოლოდ რამდენიმე ბოშა, მათგან უმეტესობა არასრულწლოვანი, დაესწრო. შესაბამისად, ერთი დღით გახსენებული ადამიანები კვლავ უცხო და მიუღებელი დარჩნენ ჩვენთვის.
წელსაც, 8 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებებზე რამდენიმე დღით ადრე დაგვპატიჟეს. არ დაველოდე საზეიმო და ჩარჩოებში მოქცეულ ღონისძიებას და გადავწყვიტე თავად გამეგო, როგორ ცხოვრობენ ბოშები ქუთაისში, როგორია მათი ყოველდღიურობა, ქუჩისა და დიდი ჩანთების მიღმა.
ამისათვის ბოშების ერთ-ერთ დასახლებას ვეწვიე, თუმცა უნდა ვაღიარო, სწორედ იმ სტიგმისა და საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების გამო, მარტო წასვლა ვერ გავბედე და თანამშრომელს ვთხოვე თანამგზავრობა.
ბოშების პატარა დასახლება ქალაქის განაპირას, ერთ–ერთ უბანშია მოწყობილი. გზაზე მიტოვებული ეტლებით, ქუჩაში გაფენილი ფერადი საბნებით, ცხენებით, კარგად ნაცნობი და მეხსიერებაში გამჯდარი ხმის ტემბრით, რომლის გაგონებისას გგონია, რომ ვიღაც ჩხუბობს.
ჩვენი მისვლა გაუკვირდათ, მისვლის მიზეზი მით უფრო. გაიცინეს და ხელი აგვიქნიეს, იმის ნიშნად, რომ მათთვის დაგეგმილი ღონისძიების შესახებ არაფერი იციან.
„არა, გოგო, ჩვენ არ ვმონაცილეობთ ამ დღესასწაულში, არ ვიცით, რა ხდება, ჩვენთვის არაფერი უთქვამთ“,-გვითხრა ერთ–ერთმა ბოშა ქალმა და ღობესთან მიგვატოვა ბავშვებთან ერთად. ბავშვები იცინიან. ვთხოვეთ, ჩვენთვისაც ეთქვათ, რატომ იცინოდნენ, მაგრამ დაიმორცხვეს და თვალები დახარეს. მსმენია, რომ ბოშებს ლამაზი თვალები აქვთ, რაშიც აქ ნამდვილად დავრწმუნდი. ცისფერი, მწვანე, დიდი ლამაზი თვალები, თუმცა ყველას თვალებში სევდა იგრძნობა, სევდა უკვე განსაზღვრული ცხოვრებისა.
მოვინდომეთ მათი ჩაწერა და უკეთეს შემთხვევაში გადაღებაც, მაგრამ ფოტოს გადაღებაზეც კი უარი გვითხეს. ვთხოვეთ, მაგრამ თავიდან მოგვიშორეს, არ გვიყვარსო. ვერ დავუშვებდი, ფოტოების გარეშე წამოვსულიყავით და რამდენიმე ბავშვი მაინც მოხვდა ჩვენს ობიექტივში.
ბავშვებს დავემშვიდობეთ და რესპოდენტების ძებნა გავაგრძელეთ.
აქ ყველა სახლი თითქმის ერთნაირია, მხოლოდ ერთი უჩვეულოდ დიდი და ლამაზი სახლი შეგვხვდა. ჩვენს მეგზურს, ახალგაზრდა ბიჭს ვერ ვკითხე, ეს სახლი ბოშასი იყო, თუ არა. ხანგრძლივი სიარულის შემდეგ მორიდებით შევაპარეთ, სად მივდივართ მეთქი? ჩემთანო, ისე გაკვირვებულმა მითხრა, თითქოს დიდი ხნის მიწვეულ სტუმრებს მიგვიძღვოდა. თავის ენაზე, რაღაც დაიძახა და სახლიდან გამოსულ ახალგაზრდა მამაკაცს ჩვენზე უთხრა.
მობრძანდით, შეგვიპატიჟა დამხვდურმა. მან გვითხრა, რომ რომა ქვია. პატარა ხალიჩებით მორთულ სახლში ჩვენდა გასაოცრად საკმეველის სუნი დაგვხვდა. კითხვებზე მორიდებით გვიპასუხა, მისმა მეუღლემ კი მოგვიბოდიშა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ გაგვიმასპინძლდა.
რომა, სხვების მსგავსად, თავს ვაჭრობით ირჩენს. არ ვიცი, ჩვენი მოერიდა თუ მართლა ასეა, მაგრამ გვითხრა, რომ მათ მიმართ საზოგადოებას უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს. ფოტოც გადავიღეთ მათი ნებართვით და დავემშვიდობეთ. გზაში ისევ ნაცნობი ბავშვები შეგვხვდნენ და ისევ დაგვემალენ, რომ ფოტოს გადაღების შიშით, ხის ღობიდან კი მათი მომღიმარი ცისფერი თვალები ანათებდნენ.
ბოშათა დასახლებას თუ კი ნახავ, მიხვდები, როგორ იყო ბედნიერი მცირედით, ატრაქციონების გარეშე, როგორ გაერთო ძველ რკინის ეტლზე, სასრიალოების ნაცვლად, როგორ ითამაშო ხეებზე, გააფერადო ძველი ნივთები და როგორ დაიცვა თავი საზოგადოებისგან.
თუ მათან არ მოხვდი, მათ ყოფას ახლოდან არ გაეცანი, ისინი თქვენთვის ყოველთვის მოჩხუბარ ადამიანებად დარჩებიან, ჭრელი კაბებით, დიდი ჩანთებით, "მარჩიელობითა" და მათზე შექმნილი ლეგენდებით.
როგორც გავარკვიეთ, დასახლებიდან არც ერთი ჩაერთვება მათდამი მიძღვნილ ღონისძიებაში, მათ მიმართ ყურადღებით არც თვითმმართველობა და საზოგადოება გამოირჩევა. შესაბამისად, მათგანაც შესაბამის უკურეაქციას ვიღებთ.
ქალაქში ბოშების რამდენიმე დასახლებაა, ნაწილი ინდივიდუალურად ცხოვრობს, უმეტესწილად გარეუბანში.
ამ დროისთვის, რამდენი ბოშა ცხოვრობს ქუთაისში, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ბევრს პირადობის მოწმობა არ აქვს, ამიტომ ბავშვები სკოლაში არ დადიან. მათი უმეტესობა ვაჭრობით, უფრო სწორად, გარევაჭრობით, ჯართის ჩაბარებით და მოწყალებით ირჩენს თავს, ნაკლებად არიან ჩართულები სახელმწიფო პროგრამებში.
ბოშების საქართველოში ჩამოსახლების ზუსტი ისტორიული თარიღი უცნობია. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ბოშათა მომთაბარე ჯგუფები საქართველოში პირველად XIX საუკუნის დამდეგს გამოჩნდნენ. ასეული წლების მიუხედავად მაინც ვერ მოახდინეს საზოგადოებაში ინტეგრაცია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ქმნიან ოჯახებს ქართველებთან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი ანი ლიპარიშვილი