მზად ვარ თავდებში დავუდგე გოგი წულაიას - ლაშა ჩხარტიშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მზადაა თავდებში დაუდგეს გოგი წულაიას, რომელიც ქალზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული.
მისი განცხადებით, გოგი წულაია პოლიტიკური პატიმარია და საპატიმროში მისი ყოფნა დაუშვებელია.
"გოგი წულაია გახდა ბერა ივანიშვილის და ივანიშვილების ოჯახის ანგარიშსწორების მსხვერპლი. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ეს ადამიანი არის წინასწარ პატიმრობაში. ჩვენ ვთვლით, რომ მისი მდგომარეობა სრულად შეესაბამება ევროსაბჭოს კრიტერიუმებს პოლიტპატიმართან მიმართებაში და ვაღიარებთ მას სწორედ ასეთად. ამასთანავე, მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მე პირადად, თავდებში ვუდგები გოგი წულაიას. მზად ვარ, პასუხი ვაგო ამ პრინციპული და მებრძოლი პოლიტიკოსის შემდგომ ქცევაზე", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
შეგახსენებთ, წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.
პოლიტიკოსი, რომელსაც გულის უმძიმესი ოპერაცია აქვს გადატანილი და ძშაქრიანი დიაბეტი აქვს, მეცხრე დღეა საკვებს და მედიკამენტებს არ იღებს
ავტორი: ნიუპრესი