|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ჯვარი კურთხევის გარეშე, თვითნებურად აღმართეს - მეუფე იოანე

ქუთაისის გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი რიონისხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტს და ჯვრის აღებას ორი კვირის შემდეგ ეხმიანება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მეუფე ამბობს, რომ ჰესის მოწინააღმდეგეებმა ეკლესიის მიმართ არასწორი გზა შეარჩიეს და კურთხევის გარეშე ჯვარი თვითნებურად აღმართეს.

"ვინც აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას, მათ ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აირჩეს. ორი მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე რამდენიმე თვის წინ დაიწყეს თვითნებური მოქმედება; სიტყვა არ ისმინეს და ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, უფლის ჯვარი, დაპირისპირების საბაბად აქციეს, სამართლებრივი გზით სვლას ქუჩის აქციები ამჯობინეს.

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დიალოგი ვერ შედგა. საკონფერენციო მოვისმინეთ აქტივისტთა ექსპერტების საბაზო ინფორმაცია იმისთვის, რომ გაგვეგო საფუძვლიანია თუ არა მათი ინფორმაცია, პასუხად კურთხევის გარეშე, თვითნებურად დადგეს დიდი ზომის ჯვარი სავალ ნაწილზე, რომ შეფერხებულიყო ფირმის ტექნიკის მოძრაობა. მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც დასაქმებული იყო აქ და დარჩა უმუშევარი. სიტყვით პასუხს ხელისუფლებას სთხოვენ, საქმით კი ფირმაზე ზეწოლას ახდენენ. ჯვარი კურთხევით აღიმართება იქ, სადაც უნდა აშენდეს ტაძარი, ან იმ ადგილას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით არის გამოყოფილი მისთვის. კურთხევა ამ შემთხვევაში ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ სრულდება. მის გარეშე თვითნებურად აღსრულებული კურთხევა, ეკლესიის კანონის თანახმად, ბათილად ჩაითვლება. სარწმუნოებრივ საკითხებში თვითნებობა იწვევს სექტანტობას. თვითნებობა არის ძალადობა ეკლესიის სამართალზე, მისი იგნორირებაა და დაპირისპირება უფალთან. ხელისუფლების მიერ მოხსნილი ჯვარი მღვდელმთავრის კურთხევით დაიდგმება ეპარქიის კუთვნილ ტერიტორიაზე", - წერს მეუფე თავის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჰესის მოწონააღმდეგეებმა საკუთარი განცხადებები საფრთხეებთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეცვალეს და საფრთხეების დამადასტურებელი საბუთიც ამ დრომდე ვერ წარადგინეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი