ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA-ს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA-ს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებენ საქმიანობის გაგრძელებას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რის გამოც მიმართეს სახელმწიფოს, რომელსაც ეკისრება ინვესტორის დაცვის ვალდებულება.
"კომპანიის მხრიდან საკითხის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობის და გონივრული ვადით შეჩერების შემდეგაც კი, ENKA-მ დღემდე ვერ შეძლო საქმიანობის განახლება. შედეგად, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე კვლავაც განთავსებულია მოწინააღმდეგეთა კარვები და სხვადასხვა აქტივისტები აქტიურად ცდილობენ კომპანიის დისკრედიტაციას და პროცესის განახლების ხელშეშლას. კომპანიას, საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში აღებული აქვს პასუხისმგებლობა, როგორც პროექტის წარმატებით განხორციელებაზე, ასევე 1600-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმებაზე და სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე. სახელმწიფოს კი, თავის მხრივ, ეკისრება პასუხისმგებლობა პროექტის დათქმულ ვადებში განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს ინვესტორის უფლებების დაცვა. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სათანადო უწყებებს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მიღებისთვის და მივესალმებით მათი მხრიდან დაკისრებული მოვალეობის შესრულების ფაქტს. პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, რადგან ეს დაკავშირებულია სოლიდურ მატერიალურ ზიანთან, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვის რისკზე და სამომავლო იურიდიულ გართულებებზე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის განმარტებით, ENKA საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ნამახვანჰესის სახით საქართველოში 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ახორციელებს.
შეგახსენებთ, რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება, რის გამოც გარკვეული დროით სამუშაოები შეჩერებული იყო.
ავტორი: ნიუპრესი