ნამდვილად გადაეცა თუ არა რიონის ხეობა კომპანიას? - მიტროპოლიტ სტეფანეს მთავრობა პასუხობს
„ენკას,“ რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა არა რიონის მთელი ხეობა, არამედ კონკრეტულად ის ტერიტორია, სადაც სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიას არ აქვს უფლება მისთვის გადაცემული მიწა სხვა მიზნებით გამოიყენოს, ან გაასხვისოს.
"კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები, რაც ქვეყანაში ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა - როდესაც ინვესტორი ახორციელებს ინვესტიციას, მითუმეტეს, განსაკუთრებით დიდ ინვესტიციას (საუბარია 800 მილიონ დოლარზე), ცხადია, მიწა მას უნდა ჰქონდეს ან საკუთრებაში, ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით. დამატებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულებასთან ერთად, მოიცავს ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის, ნამოხვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობას კომპანიის ხარჯებით და შემდგომში მის უსასყიდლოდ გადაცემას სახელმწიფოსთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას არ აქვს უფლება, მისთვის გადაცემული კონკრეტული მიწები გამოიყენოს სხვა მიზნებისათვის ან გაასხვისოს მესამე პირებზე"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ 3 თებერვალს. წირვის დასრულების შემდეგ ამბიონიდან ხელისუფლებას მიმართა კითხვით, ნამდვილად გადაეცა თუ არა კომპანიას 99 წლით რიონის ხეობა. „ხელისუფლებას უნდა დავუსვათ კითხვა და პასუხი უნდა გაგვცენ, მართალია, რომ 99 წლით გაასხვისეთ რიონის ხეობა? ვინმემ გარკვევით გაგვცეს პასუხი… მე ამას გამიზნულად ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ ამის დამალვა არ შეიძლება… უნდა ვიცოდეთ, რატომ გადაეცემა, რა მიზეზით და რა პირობებია?” - განაცხადა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
ავტორი: ნიუპრესი