|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნანგრევებში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ

ქუთაისში გუგუნავას #12-ში  მცხოვრები სოციალურად დაუცველები დახმარების თხოვნით ადგილობრივ თვითმართველობას მიმართავენ. ისინი ამორტიზირებული ბინიდან გადაყვანას მოითხოვენ, ვინაიდან არსებობს რისკი შენობის ჩამონგრევისა. შენობაში,  9 ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს.

   სოციალურად დაუცველი 9 ოჯახი,  ქუთაისში, გუგუნავას #12-ში, ამორტიზირებულ შენობაში არიან შესახლებულები. ისინი,  სიცივეს,  ოთახებში  წვიმის ჩამოსვლას და სიბნელეს დიდი ხანია  შეეგუენ. მათთვის  ახლა მთავარი პრობლემა  სამშენებლო კონსტრუქციების ჩამოშლაა, რომელსაც, შესაძლოა, მსხვერპლი  მოყვეს. 9 მოსახლიდან რამდენიმე ოჯახს მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდა  ამ პირობებში უწევს.    შიმშილსა და  საფრთხის მოლოდინში ისინი წლებია ცხოვრობენ.  მათ  დახმარების იმედიც აღარ აქვთ. მაკა მიქაძე ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად  პატარა ოთახში, წლებია, ცხოვრობს.  უფროსი ვაჟი ცელემბრალური დამბლით ჰყავს ავად. მისთვის მთავარ პრობლემას, ამ ეტაპზე  სახურავიდან ჩამონგრეული სამშენებლო მასალა  წარმოადგენს.

"სახურავი არ ვარგა, წყალი ჩამოდის, კოლიდორში ბეტონები ცვივა, იატაკიდან კი მრღნელები ამოდიან.  როდემდე უნდა გავუძლოთ ასეთ პირობებს, როდემდე უნდა გავზარდო მღრნელებთან ერთად   შვილები? რისთვის არსებობს სახელმწიფო, ჩინოვნიკების  მუცლების ამოსავსებად?  რამდენიმე დღის წინ  ჭერიდან ფიცარი ჩამოვარდა, მილიმეტრში ამცდა. ყოველდღე საფრთხის წინაშე ვართ. ბავშვები კოლიდორში ვერ გამომყავს. სანამ მსხვერპლი არ მოხდება, მანამდე ყურადღებას არავინ მოგვაქცევს, " - განაცხადა  მაკა მიქაბერიძემ.  

ნინო წულაძე,  სამ  შვილს  ერთ ოთაში ზრდის. ის მცირეწლოვან ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად, 11 წელია, რაც ამ შენობაში ცხოვრობს.  მუშაობას ვეღარ ახერხებს, რადგან ფეხმძიმედ არის და მეოთხე შვილს ელოდება. მის მეუღლეს მუშაობის დაწყების დიდი სურვილი აქვს, მაგრამ  სამსახური ვერ იშოვა.  ნინოს და მის მეუღლეს  2 წლის ტყუპები, გოგო-ბიჭი  და  1 წლის  გოგონა ყავთ. ტყუპებს დაბადებისას პრობლემები შეექმნათ, ბავშვების ჯანმრთელობის გამო მშობლებს სესხის გამოტანა მოუწიათ, რამაც დამატებითი პრობლემები გაუჩინათ.

"სესხი გვაქვს აღებული 2 ათას ლარამდე, რის გამოც სოციალური დახმარების ნახევარს ვიღებთ. ეს თანხა კი სრულიად არასაკმარისია 3 შვილის გასაზრდელად. ბავშვები ავად რომ გამიხდნენ,  ექიმი  მყავდა მოყვანილი და განმიცხადა, რომ ასეთ ანტისანიტარიაში და ნესტში ცხოვრება ბავშვების ქრონიკულ დაავადებებს გამოიწვევს და რომ აქ გაჩერება დამღუპველია. ეს ვიცით, მაგრამ  რა ვქნა, სხვა გამოსავალი არ მაქვს",- აღნიშნა ნინო წულაძემ. 

შენობაში  მცხოვრები ადამიანები  ამბობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ.  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  კი,  მათი პრობლემები  ავიწყდებათ. ლიანა მანაგაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად  ამ შენობის ბინადარია უკვე 30 წელზე მეტია. მისი მთავარი მოთხოვნა ადგილობრივმა თვითმართველობამ იზრუნოს და გადაიყვანონ ისეთ შენობაში, სადაც  სიცოცლისთვის საშიში პირობები არ იქნება.

"წყალს ქვემოდან ვეზიდებით, გაზი არ გვაქვს, შენობა ნელ-ნელა ინგრევა. არ ვიცი, რა გვეშველება. ყურადღებას არავინ გვაქცევს.  ყველას თითო-თითო  ოთახი გვაქვს, სამზარეულო და საპირფარეშო საერთო გვაქვს, სადაც საშინელი პირობებია. სადაცა თავზე ჩამოგვენგრევა ჭერი.  მგონია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას  9 ოჯახის შენახვა არ უნდა გაუჭირდეს, შეგვიშვან  უსაფრთხო შენობაში და დანარჩენს ჩვენ მოვაწესრიგებთ.  ბევრჯერ მივმართეთ  ქალაქის თვითმმართველობას, თუმცა უშედეგოდ.  სხვადასხვა პარტიებს მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით და შემდეგ ავიწყდებათ ჩვენი პრობლემები",- აღნიშნა მანაგაძემ.

ქუთაისის  საბინაო ინფრასტრუქტურის  მართვის საგენტოს მთავარი სპეციალისტის  ვარლამ გობეჯიშვილის განმარტებით, თუ  ბინა ავარიულია,  მოსახლეობამ ქალაქის მერიაში ექსპერტიზის დასკვნა  უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც მერია მათი პრობლემების მოგვარებას შეეცდება. 

"ვინაიდან  არ არსებობს  კომპეტენტური დასკვნა იმის თაობაზე, რომ ეს შენობა ნამდვილად ნგრევადია,  ქუთაისის თვითმმართველობა ვერ იმსჯელებს იმაზე, რომ  შენობის ბინადრები შეიძლება ასეთი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს",- განმარტა გობეჯიშვილმა.

ამორტიზირებულ კორპუსში მცხოვრებლები აცხადებენ,  რომ ადგილობრივი თვითმართველობის  წარმომადგენლებს  თავად შეუძლიათ ნახონ, თუ რა მდგომარეობაშია შენობა. მათ არ აქვთ ექსპერტიზის ჩატარების საშუალება. ისინი ქალაქის მერს მოუწოდებენ, მივიდეს და დაათვალიეროს შენობა, თუ  რა პირობებში და რა საფრთხის წინაშე უწევთ ყოფნა. წინააღმდეგ  შემთხვევაში  თავად  ითხოვენ მერთან შეხვედრას,  ვინაიდან დროულად მოხდეს რეაგირება.

როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს,  შოთა მურღულია მოქალაქეებს  ყოველ ხუთშაბათს ხვდება და  ამ ადამიანებსაც შეუძლიათ  მოქალაქეთა მისაღებში წინასწარი ჩაწერის შემდეგ შეხვდნენ და გაესაუბრონ ქალაქის მერს.   

ავტორი: ანი ლიპარიშვილი