ნატოში გაწევრიანებას ყველაზე მეტი მომხრე ქუთაისში ყავს
NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას, ყველაზე მეტად მხარს ქუთაისში უჭერენ.
კერძოდ, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 63 პროცენტი უჭერს მხარს, ბათუმში - 63 პროცენტი, ზუგდიდში - 54 პროცენტი, ახალციხეში - 64 პროცენტი, ხოლო ქუთაისში - 67 პროცენტი.
რაც შეეხება საერთო ეროვნულ მაჩვენებელს, მოსახლეობის მხოლოდ 61 პროცენტისთვისაა მისაღები საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ყველაზე ნაკლებად ნატოში გაწევრიანება ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებს სურს - მათი მაჩვენებელი 39 პროცენტია.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ავტორი: ნიუპრესი