„თავისუფალი საქართველო“ სახელმწიფო დროშის ცვლილების ინიციატივით გამოდის
ჰერალდიკის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია
მზად არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ცვლილების
საკითხზე „თავისუფალ საქართველოსთან“ ითანამშრომლოს.
კომისიამ აღნიშნული პოლიტიკური პარტიის მიერ პარლამენტში
წარმოდგენილი საკნონმდებლო წინადადება შეისწავლა
და დადებითი დასკვნა მისცა.
„თავისუფალ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო დროშა სახელმწიფოს სიმბოლოს
წარმოადგენს, კონკრეტულ სახელმწიფოსთან ასოცირდება და მისი გამოყენება ცალკეული ორგანიზაციების,
მათ შორის პარტიების სიმბოლოდ, დაუშვებელია.
„სახელმწიფო დროშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასთან
ერთად უცხო ქვეყნის დროშის აღმართვა თითქმის ყველა დაწესებულების შენობაზე, ასევე, აკნინებს
სახელმწიფო დროშის როლს და მნიშვნელობას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია სხვა
ქვეყნის დროშების აღმართვა ნებადართული იყოს მხოლოდ შესაბამისი დიპლომატიური მისიის
შენობაზე, დიპლომატიური მისიის კუთვნილ ავტომანქანებსა და მისიის ეგიდით ორგანიზებულ ღონისძიებებზე,“ - ნათქვამია
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებაში, რომელიც პარლამენტში
გასულ თვეში შევიდა.
„თავისუფალი საქართველოს“ საკანონმდებლო წინადადება
პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის საკითხების განმხილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ
შეისწავლა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე